„ფაროსანას გამო, წელს აღმოსავლეთ საქართველოში თხილის მოსავალმა დასავლეთ საქართველოში მიღებულ მოსავალს გადააჭარბა“

აგროტოქსიკოლოგ ხათუნა ახალაის თქმით, აზიურმა ფაროსანამ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა აგრონომიული მიმართულებით შექმნა.
როგორც ხათუნა ახალაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამეგრელოს რეგიონში, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ხობში ფაროსანამ თხილის მოსავალი სრულად გაანადგურა. მისივე თქმით, წელს აღმოსავლეთ საქართველოში თხილის მოსავალმა დასავლეთ საქართველოში მიღებულ მოსავალს გადააჭარბა, რაც უმთავრესად, დასავლეთ საქართველოში ფაროსანას გავრცელებით არის განპირობებული.
„ ყველაზე მწვავე საკითხი ეს არის არის ფაროსანას გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. დასავლეთ საქართველოში მცხოვრებმა ფერმერებმა, რომლებიც მხოლოდ თხილის რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებზე არიან დამოკიდებული, ძალიან დიდი ზარალი მიიღეს. აგვისტოს თვეში ექსპერტებთან ერთად მოვიარე, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს თხილის პლანტაციები. ჩვენი დაკვირვებით, სამეგრელოს რეგიონში, კონკრეტულად კი ხობის რაიონში, საერთოდ არ ღირდა არც ერთ ნაკვეთში შესვლა და თხილის კრეფა, რადგან მუჭით აღებული თხილიდან ერთი არ იყო საღი. მინდა ვთქვა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ თხილის პლანტაციებში მიღებულმა მოსავალმა გადააჭარბა დასავლეთ საქართველოში მიღებულ მოსავალს, ვითარდება თხილის პლანტაციები აღმოსავლეთში, თუმცა ამის მიზეზია ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში არ არის ფაროსანა. გაკეთდა დასკვნა, რომ ფაროსანა ხასიათდება ზონალურობით, რომელშიც დაგვთანხმდნენ იტალიელებიც, რომლებიც წამყვანები არიან საქართველოში თხილის წარმოების მხრივ“, -განაცხადა ხათუნა ახალაიმ.
ახალაია აცხადებს, რომ ფაროსანას პრობლემა სხვა ქვეყნებშიც დგას, თუმცა იქ მწერის ერთ თაობა ჩნდება, საქართველოში კი ოთხი, რაც აგროტოქსიკოლოგის თქმით, ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს, რადგან მწერი სასოფლო-სამეურნეო კულტურებსაც აზიანებს. რაც შეეხება ფაროსანასთან ბრძოლას, ხათუნა ახალაია აცხადებს, რომ წლების წინ, როდესაც ფაროსანა აღმოჩნდა საქართველოში, გაცილებით ქმედითი ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული და მხოლოდ მონიტორინგით არ უნდა შემოფარგლულიყვნენ შესაბამისი სამსახურები და სპეციალისტები.
„ შეიძლება ვცდები, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავის დროზე არავინ არაფერი გააკეთა, რათა მაქსიმალური ზიანი დაენახებინათ სახელმწიფოსთვის, რათა შექმნილიყო ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა, როგორც ეს „ამერიკული თეთრი პეპელას“ შემთხვევაში მოხდა, და ამ პროგრამაში ჩართულიყო ექსპერტი, თუ უბრალო მუშა“, -აღნიშნა ხათუნა ახალიამ. მისივე თქმით, ქიმიური ხსნარი, რომლითაც ებრძვიან მწერს, საკმაოდ მავნებელია, როგორც გარემოსთვის ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
„მე არ მივეკუთვნები იმ საზოგადოებას, რომლებიც ამბობენ, რომ ქიმია არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა თუ გონივრულად მივუდგებით საკითხს, ისიც შეიძლება, რომ ეს ქიმიური ნივთიერება არ გამოვიყენოთ“, -აღნიშნა ახალაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები