ლადო ჭანტურია: ის, რომ ეს პროცესი ჩემს სასარგებლოდ დასრულდა, მე დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს
მე ხშირად მითქვამს, რომ ყველას გვქონდა თანაბარი შანსი და ის, რომ ეს პროცესი ჩემს სასარგებლოდ დასრულდა, მე დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ეს არის არა პრივილეგია, არამედ დიდი პასუხისმგებლობა, – აღნიშნული განცხადება ლადო ჭანტურიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.
ლადო ჭანტურიამ ყველა იმ ადამიანს, ვინც მას მხარი დაუჭირა და ხმა მის სასარგებლოდ მისცა, მადლობა გადაუხადა.
„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად. ჩემი აზრით, მოსამართლეობა ეს არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი იურისტისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია სამართალი მოხმარდეს ადამიანებს და თითოეული ადამიანის უფლებები იყოს დაცული.
კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო მთლიანად საქართველოს, კოლეგების, პოლიტიკოსების მიმართ და რა თქმა უნდა, საპარლამენტაშორისო ასამბლეის წევრები მიმართ, რომლებმაც მხარი დამიჭირეს და ასეთი ნდობა გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ძალიან მძიმე ტვირთი, რომელიც რუდუნებით და ფრთხილად უნდა ატაროს ადამიანმა. თვითონ პროცესი იყო მარათონული და გამჭვირვალე, ეს იყო მეხუთე საფეხური – დასკვნითი ეტაპი და ყველა ეტაპზე ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი იყო“,- განაცხადა ლადო ჭანტურიამ.
შეგახსენებთ, რომ ლადო ჭანტურიას საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნას ხმა ასამბლეის 120 წევრმა მისცა. ლადო ჭანტურიასთან ერთად, კანდიდატებად საქართველოდან ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა იყვნენ წარდგენილნი.