გიორგი კახიანი კონსტიტუციის პროექტში შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელების პროცედურებს განმარტავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა, სამი მოსმენით მიღებული, კონსტიტუციის პროექტში განსახორციელებელი ცვლილებების შინაარსობრივ ნაწილზე ისაუბრა.
როგორც კახიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტში შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელების ფარგლებში ახალი კონსტიტუციური ინიციატივა უნდა შემუშავდეს.
„პრეზიდენტს ვეტო იმ სახით რომ წარმოედგინა რაზეც ჩვენი მხრიდან თავიდანვე ნათქვამი იყო, რომ იქნებოდა მხარდაჭერილი, ასეთ შემთხვევაში, ის შემდგომი პროცედურებიც აღარ იქნებოდა საჭირო, რაც ახლა უნდა გავიაროთ.
ვგულისხმობ შემდეგს: ჩვენ დაგვჭირდება უკვე ახალი კონსტიტუციური ინიციატივის დაწყება, ვინაიდან, ჩვენ ვთქვით, რომ კონსტიტუციაში გვინდა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც დაუკავშირდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ერთჯერადად ბლოკების არსებობის შესაძლებლობას და იმავდროულად, უკვე როდესაც მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ, ბონუსების სისტემის არარსებობას. გარდა ამისა, ასევე შესაძლებელია, იყოს სხვა საკითხებიც: ერთი, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას და მეორე რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების ნორმას, რომელმაც რეზონანსი გამოიწვია. ამას ახალი ინიციატივა სჭირდება ეს მოხდება იმავე წესით, როგორც თუნდაც ეს ცვლილებები შევიმუშავეთ და მივიღეთ. უბრალოდ, ეს პროცედურა ბევრად უფრო მარტივი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ ამ ცვლილებებზე იქნება საუბარი. ამ ცვლილებების ინიცირება მოხდება მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე და ვინაიდან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას თავისი წესი აქვს , მხოლოდ საგაზაფხულო სესიაზე იქნება შესაძლებელი, რომ საბოლოო ჯამში ეს ინიციატივა კონსტიტუციის შემადგენელ ნაწილად იქცეს“, -განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები