„აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის, მამია ალასანია, გურამ გაბესკირია, არიკ შენგელაია და ვახტანგ გეგელაშვილი არიან”

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის, უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, სოხუმის ყოფილი მერი გურამ გაბესკირია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები: არიკ შენგელაია და ვახტანგ გეგელაშვილი არიან.
„ახალი 25 ნეშტი არის იდენტიფიცირებული და გადმოსვენებული. ზოგადად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და გადმოსვენების პროცესი ძალიან კარგი ტემპით მიდის, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დახმარებისთვის და ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზურ მხარეს, რომლებიც მართლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი ძალიან პოზიტიურად, დინამიკურად წავიდეს. მთლიანად წინა წლების განმავლობაში მოხდა 101 პირის გადმოსვენება, იდენტიფიცირება და გადაცემულია მათი ნეშტები ოჯახებს და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 28 სამარხი იქნა გახსნილი და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია. ამ 25-დან ყველანი არიან გმირები, მაგრამ მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც სოხუმში უზენაესი საბჭოს შენობას იცავდნენ ჟიური შარტავასთან ერთად. მათ შორის არის მამია ალასანია, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი, საქართველოს გმირი გურამ გაბესკირია, ასევე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები: არიკ შენგელაია და ვახტანგ გეგელაშვილი. მათ ყველანაირი შანსი ჰქონდათ, რომ თავისი თავი გადაერჩინათ, მაგრამ მათ არჩიეს, რომ ბოლო წუთამდე ყოფილიყვნენ თავიანთ პოსტზე და ბოლო წვეთამდე იბრძოლეს სამშობლოსთვის და მისი დამოუკიდებლობისათვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები