გრიგორი კარასინი: გაჩნდა შეგრძნება, რომ საქართველოში რუსეთთან 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება ვაჭრობის საბაჟო მონიტორინგის შესახებ გადაიკითხეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მოუწოდებს, 2011 წლის შეთანხმება ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ შეასრულოს.
კარასინის განცხადებით, როდის ამოქმედდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების ტრანზიტი ამ კითხვის ადრესატი ქართული მხარე უნდა იყოს.
რუსი დიპლომატის თქმით, სამხრეთ კავკასიაში შექმნილ არც თუ მარტივ მდგომარეობაში 2011 წლის შეთანხმება იძლევა ადეკვატურ სამართლებრივ საფუძველს რეგიონული სატრანზიტო ვაჭრობისთვის.
„ამ კითხვებს ქართულ მხარესთან გადავამისამართებ. ივლისში პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან საუბარმა გარკვეული ოპტიმიზმი ჩამისახა. გაჩნდა შეგრძნება, რომ საქართველოში, როგორც იქნა, გადაიკითხეს რუსეთთან 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება ვაჭრობის საბაჟო მონიტორინგის შესახებ და გააცნობიერეს ის, რაც აშკარაა: შეთანხმება ვალდებულებას ორივე მხარეს აკისრებს. შეგახსენებთ, დოკუმენტი ავალდებულებს რუსეთსა და საქართველოს, გამოიყენონ სავაჭრო ნაკადის საბაჟო ადმინისტრირების სპეციალური წესი შვეიცარული სადამკვირვებლო კომპანიის მონაწილეობით. იქ კვლავ სურთ, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს, საკუთარი ვალდებულებების მოსმენა კი არ უნდათ. ასე საქმე ვერ წავა. სამხრეთ კავკასიაში შექმნილ არც თუ მარტივ მდგომარეობაში 2011 წლის შეთანხმება იძლევა ადეკვატურ სამართლებრივ საფუძველს რეგიონული სატრანზიტო ვაჭრობისთვის. მოვუწოდებთ თბილისს, საბაბის გარეშე განაცხადოს მზადყოფნა თავისი საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს, რეგიონული ტრანზიტის საკითხი პრაქტიკულ სივრცეში გადავიყვანოთ“, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები