არის თუ არა დამნაშავე ოზურგეთის ყოფილი გამგებელი და მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში
სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ასი ათასობით ლარის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არსებობს.
წინასაარჩევნოდ ვითარება რეგიონებშიც იძაბება. პოლიტიკური დუღილის მხრივ არც ამჯერადაა გამონაკლისი გურია, რომელიც, როგორც წესი, მუდმივად ხდება ხოლმე საარჩევნო დაპირისპირების პოლიგონი. თვითმმართველობის დამდეგ არჩევნებს გურიაში, კერძოდ კი მის ცენტრალურ რაიონში, ოზურგეთში, ინტრიგას მატებს ის, რომ აქ მერობის კანდიდატთა შორის გადამწყვეტი ბრძოლა მმართველ პარტიას და მის წარმომადგენელს, ოზურგეთის მოქმედ მერს, ბეგლარ სიორიძეს, არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ მხარდაჭერილ, არამედ საარჩევნო ბრძოლის ველზე დამოუკიდებლად წარმდგარ კანდიდატთან უხდება.
ყველაზე საინტერესო კი ამ ამბავში ის არის, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირებული კოტე შარაშენიძე მანამდე, ბოლო წლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობდა, ხოლო „ოცნებაში” მისი პოლიტიკური საქმიანობა სულ ახლახანს პოლიტსაბჭოს მიერ მისი პარტიიდან გარიცხვით დასრულდა. სწორედ ამის შემდეგ დარეგისტრირდა ის საინიციატივო ჯგუფის მიერ ოზურგეთის მერობის მაძიებელ დამოუკიდებელ კანდიდატად.
რაც უფრო ახლოვდება 21 ოქტომბერი, მით უფრო მატულობს საჯარო დაპირისპირების ხარისხი ოზურგეთში კანდიდატთა შორის და სამწუხაროდ, მით უფრო ხშირად გადაიზრდება ხოლმე იგი უსაგნო და ურთიერთშეურაცხმყოფელ კამათში, ლანძღვასა და ჩხუბში. თუ გურიის ადგილობრივ მედიის ბოლო კვირების მასალებს გადაავლებს თვალს კაცი, იოლად აღმოაჩენს, რომ ამ მხრივ მერობის დამოუკიდებლად მსურველ შარაშენიძეს ბადალი არ ჰყავს.
რა თქმა უნდა, ოზურგეთში, ისე როგორც სრულიად საქართველოს სხვა რაიონებსა და ქალაქებში, საბოლოო ვერდიქტს 21 ოქტომბერს გამოიტანს მისი უზენაესობა, ამომრჩეველი. მაგრამ მანამდე, ინტერესს მოკლებული არ არის, ისევ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და ოფიციალური სტრუქტურების ასევე ოფიციალურ დასკვნებს გადავხედოთ, მით უფრო, რომ ეს დასკვნები სწორედ ახლახანს „ოცნებიდან” გარიცხული ყოფილი გამგებლის, შარაშენიძის ბოლო წლების საქმიანობის პერიოდსაც ეხება.
კერძოდ, საქმე ის არის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით სერიოზული ხარვეზებია.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტი გაბერილ თანხებს უხდიდა შპს-ებს და მათი მომსახურება საბაზრო ფასზე გაცილებით მაღალი თანხა უჯდებოდა.
ასევე, დასკვნაში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სარეაბილიტაციო სამუშაოები; სახელმწიფოს კუთვნილი ავტო-გრეიდერის კერძო კომპანიაზე საკუთრებაში გადაცემა და შემდგომ მისთვის სამუშაოების ადრინდელზე უფრო ძვირადაც კი დაკვეთა; საკრებულოს სხდომების ორგანიზებისათვის გაწეული ხარჯების შეუსაბამობა; კიტხვები ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებით; უფასო სასადილოებთან მიმართებით ბენეფიციარების უკმაყოფილება და შემდგომში ამ მიმართულებით ნაშთის სახით 41 ათასი ლარის მორჩენა და სხვა.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, დახარჯული თანხების შესაბამისობა ვერ დგინდება, არ არსებობს ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2012-2013 წლები კი ის პერიოდია, როდესაც მოქმედი ხელისუფლება ახალმოსულია ქვეყნის სათავეში. ოზურგეთის იმდროინდელი გამგებელი კი 2012 -ის დეკემბრიდან, დღეის მდგომარეობით უკვე პარტიიდან გარიცხული კოტე შარაშენიძე იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს, ანუ მაშინ როცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კანონის შესაძლო დარღვევასთან გვაქვს საქმე, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დგება დღის წესრიგში.
მეტი კონკრეტიკისათვის, საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ სახელმწიფო აუდიტის დსკვნაში არსებული ხარვეზები, რომელიც 2012-2013 წლების პერიოდს უკავშირდება.
მაგალითისთვის, 2013 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის სახსრებით შეიძინა ავტო-გრეიდერი, რომელიც რაიონის ბიუჯეტს 145 000 ლარი დაუჯდა. შემდგომში კი 145 000 ლარიანი გრეიდერი შპს „ტექნოსერვისს” გადაულოცა. აღსანიშნავია, რომ ავტო-გრეიდერის შეძენამდე, იმ საამშენებლო სამუშაოებს რომლებიც საჭიროებდა ავტო-გრეიდერის მომსახურებას, ხელშეკრულების საფუძველზე, საბაზრო ღირებულებით ასრულებდნენ სხვადასხვა შემსრულებლები, შეძენის შემდეგ კი შპს „ტექნოსერვისი”, როგორც მეწარმე იურიდიული პირი, მუნიციპალიტეტს მომსახურებას უწევდა ასევე საბაზრო ღირებულებით, რიგ შემთხვევებში კი მანამდე გაწეულ ხარჯებზე უფრო ძვირად.
ოზურგეთის ბიუჯეტს არანაირი შეღავათი ამ ტექნიკის მომსახურებით არ მიუღია, სოლიდური თანხა კი დაიხარჯა. ეს ფაქტი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
2012-2013 წლებში საკრებულოს სხდომების ორგანიზებისთვის გაწეული ხარჯის 342 100 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტმა აუდიტის სამსახურს ვერ წარუდგინა. “2012-2013 წლებში გაწეულია 342.1 ათასი ლარის ხარჯი, მუნიციპალიტეტმა აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია” – პირდაპირ წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჯგუფის დასკვნაში, რომელმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა შეისწავლა.
შარაშენიძის გამგებლობის პერიოდს ემთხვევა მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამის 171 ათასი ლარით შემცირება. 2012 წლის 372.3 ათასი ლარის ნაცვლად, 2013 ში 170.9 ათას ლარამდე შემცირდა. 2013 წელს უფასო სასადილოს მომსახურების 5 პრეტენდენტს უარი ეთქვა ბენეფიციარად აღრიცხვაზე პროგრამის დაფინანსების უკმარისობის გამო (1 ბენეფიციარზე გათვალისწინებულია დღიურად 1.68 ლარი). და ამ დროს, ოზურგეთის ბიუჯეტს სოციალური პროგრამებიდან ნაშთის სახით 41.3 ათასი ლარი მორჩა.
ასევე, დიდი რაოდენობით გადარიცხული თანხები ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებზე. 2012 წელს კომპანია “მარჯინს” გადაურიცხეს 820 ათასი ლარი; 2012 წელს კომპანია “ნიუ ვეივის” გადაურიცხეს 555,7 ათასი ლარი; 2012 წელს შპს “სამკუთხედს” 142 ათასი ლარი; 2012 წელს შპს “ე.ე.ე.”-ს 248 ათასი ლარი; 2013 წელს, როცა მერობის დღევანდელი დამოუკიდებელი კანდიდატი – შარაშენიძე მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობდა, შპს “ბათვანს” 112 ათასი ლარი; ასევე 2013 წელს შპს „სამშენებლო კომპანია გოლდს” გადაურიცხეს 52 ათასი ლარი – ამ ტრანზაქციების ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები კი იმავე დასკვნის თანახმად, არ არსებობს.
რამდენადაც ირკვევა, 2012-2013 წლებში ასობით ათასი ლარია ზედმეტად გადახდილი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალებში. მაგალითად: 30 ლარიანი ღორღი შარაშენიძეს 48 ლარად შეუძენია. 3 ლარიანი ქვიშა–ხრეშოვანი ნაზავი, თითო კუბური მეტრი, 27,37 ლარად არის ნაყიდი. ამას მოჰყვება 12 ლარიანი ასფალტის 16 ლარად დაგება; 1000 ლარიანი ბიტუმის 1500 ლარად შეძენა; 15 ლარიანი მეტალოკრამიტის 21 ლარად ყიდვა, 15 ლარიანი შიფერისა კი 20 ლარად.
აუდიტის დასკვნაში გამარტივებული წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებზეცაა საუბარი. ასე მაგალითად, მუნიციპალიტეტმა 220 000 ლარის ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა. შემდეგ, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტში ჩაწერილი პირობები შეცვალა და მშენებელს საქმე გაუმარტივა – საჭიდაო დარბაზის ლითონის კონსტრუქციით შემოსვის ნაცვლად ძველი კონსტრუქცია შეაკეთეს და კედლებზე ქვიშა-ცემენტით შელესვის ნაცვლად თაბაშირ-მუყაო გააკრეს. თაბაშირ მუყაო ობიექტის ჩაბარების დროს უკვე დამტვრეული იყო, ხოლო სახურავიდა ჩამოსულმა წყალმა, დააზიანა შენობაში დამონტაჟებული “ამსტრონგის ჭერი”.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოყვანილი ფაქტების კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაგრძელება, თუმცა ეს არგუმენტაციაც საკმარისია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიმართ, მათ შორის კოტე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდის მიმართ, სერიოზული ეჭვები და მოსაზრებები გაჩნდეს. იყო თუ არა ეს კორუფცია? დაიხარჯა თუ არა ბიუჯეტის თანხები კონკრეტული პირებისათვის `მიზანმიმართულად~? იყო თუ არა შარაშენიძის პარტიიდან გაძევება პოლიტიკური ფასი სწორედ ასეთი ფაქტების გამო. აღნიშნული ფაქტები არის თუ არა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან, მათ შორის, 2013-ში შარაშენიძის მხრიდან საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა?
ფაქტი ჯიუტია – აუდიტის დასკვნის თანახმად, ამ წლებში, მთელ რიგ შემთხვევებში, გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არსებობს!
როგორც ჩანს, ოზურგეთული მასშტაბის პოლიტიკოსის, კონსტანტინე შარაშენიძის სახელს, შესაძლოა, კიდევ ერთი სკანდალი დაუკავშირდეს, თუმცა მანამდე ის საარჩევნო მარათონშია ჩართული.
“ბანკები და ფინანსები” დაუკავშირდა კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო შტაბის პრეს-სამსახურს და ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.
პირველი, რაზეც პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა თიკო შარაშენიძემ ხაზგასმით გაამახვილა, იყო ის, რომ კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლობას 2012 წლის დეკემბერში შეუდგა, ამდენად, აუდიტის დასკვნაში მოყვანილი ფაქტები მისი საქმიანობის შესაფასებლად ვერ გამოდგებოდა. კონსტანტინე შარაშენიძის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მათ უკვე შეტანილი აქვთ სარჩელები და განცხადებები სასამართლოსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში რამდენიმე მედია ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებმაც, მათი აზრით მცდარი ინფორმაციის გავრცელებას მიზანმიმართულად შეუწყვეს ხელი.
ჩვენი მხრიდან უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პასუხი სავსებით მისაღები იქნებოდა, რომ არა აუდიტის დასკვნაში 2013 წლის პერიოდის კონკრეტული ფაქტების არსებობაც.
წყარო: Bfm.ge