ლიტვის დედაქალაქში თბილისობის დღესასწაული იზეიმეს

7 ოქტომბერს, ლიტვის დედაქალაქში „თბილისობის” დღესასწაული აღნიშნეს. „თბილისობა ვილნიუსში 2017″ ქ. ვილნიუსში მდებარე თბილისის სახელობის სკვერში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ლიტვაში რეკორდული რაოდენობის – ერთდროულად 1000 ხინკალი დამზადდა, რომლის მომზადებაშიც “თბილისობის” ლიტველი სტუმრებიც მონაწილეობდნენ.
„თბილისობის” დღესასწაულის ფარგლებში, ვილნიუსის ცენტრალურ გამზირზე, ლიტვის პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟდა – სკამები წარწერით „თბილისი”, ხოლო განახლებული თბილისის სახელობის სკვერს ძველი თბილისის პანორამა დაამშვენებს.
“თბილისობას ვილნიუსში 2017″-ს მისასალმებელი​ სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ და ქალაქ ვილნიუსის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარემ სიმონას გირდზიაუსკასმა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნა ქართული მინერალური და გამაგრილებელი სასმელები, ქართული ნობათი. ვილნიუსელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო.
საქართველოს ელჩმა ღონისძიების საპატიო სტუმრებს გადასცა თბილისის საპატიო მოქალაქის სიმბოლურ სიგელები.
ღონისძიების ფარგლებში დაირგო ვაზის ნერგები. თბილისის სახელობის სკვერში მოსული სტუმრებისათვის ქართული და ლიტვური სიმღერები შეასრულეს ლიტვაში მოღვაწე ქართველი სტუდენტების მუსიკალურმა ჯგუფმა „საქართველო”.
ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის წევრებმა ამირან კუპრავამ, მირაბ ფიფიამ, მერაბ ეფაძემ, ნესრე ბაცაშმა და ლიტველმა მხატვრებმა წარმოადგენეს საქართველოს თემატიკაზე მომზადებულ ნამუშევრები.
გაიმართა ქართული ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქ. კაუნასში არსებული „საქართველოს სურნელებისა და ხელოვნების სახლის” ნამუშვრები და ლიტვურ ენაზე თარგმნილი – ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია”, ნიკოლოზ ბარათაშვილის „ლირიკა”, ქართველი პოეტების ანთოლოგიის და ბონდო მიქაბერიძის საბავშვო ზღაპრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიტვის მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, მასმედიისა და ლიტვაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ღონისძიების მთავარი სპონსორია კომპანია „ბორჯომი”. ასევე ქართულ პროდუქციას წარმოადგენენ შემდეგი კომპანიები: ნატახტარი, ქართული სუნელები, ჩაი გურიელი, ზედაზენი და ლიტვაში არსებული ქართული რესტორანი „ფიროსმანი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები