გიორგი კვირიკაშვილი სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნისთვის, პატივია სუამის მინისტერიალის მასპინძლობა, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნების 20 წლისთავს ეძღვნება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი წევრი ქვეყნების მზაობას, გადაიდგას აქტიური ნაბიჯები რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებისთვის. ყურადღება დაეთმო საქართველოს თავმჯდომარეობის მიერ წარდგენილ პრიორიტეტებს და საბჭოზე განხილულ სამომავლო ხედვას, რომელიც მიზნად ისახავს სუამის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, პოლიტიკური კონსოლიდაციის, ეკონომიკური კეთილდღეობის, დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების მიმართულებით.
ასევე, ხაზი გაესვა სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში მიღებული ერთობლივი კომუნიკეს მნიშვნელობას, რომელშიც დადასტურებულია ოთხივე ქვეყნის ერთსულოვნება, გააგრძელონ მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობა სუამის ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.
შეხვედრაში სუამის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდავეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, აზერბაიჯანის, მოლდავეთისა და უკრაინის ელჩები, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები