კახა კალაძე: განვითარება თბილისის ყველა უბანმა უნდა იგრძნოს

„ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია, თანაბრად იგრძნოს განვითარება ყველა რაიონმა და ყველა უბანმა”, – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ სანზონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, ის ინფრასტრუქტურული პროექტები და პროგრამა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, სწორედ ამაზეა გათვლილი – მოხდეს უბნების და რაიონების თანაბარი განვითარება. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება შესთავაზა და 7 პოლიტიკა გააცნო, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.
მისი თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებები სამი მიმართულებით განხორციელდება: პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიის და უსაფრთხოების მიმართულებით.
კახა კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერობის დროს, გამოირიცხება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებში. მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა არამარტო ძველი უბნების, არამედ ზოგადად, ავარიული შენობების აღრიცხვის, რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების საკითხს, ასევე, მოაგვარებს დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების პრობლემას, სადაც ოჯახები ათეული წელია ცხოვრობენ.
კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ თბილისის მერიაში მოქმედი ოცდაორივე პროგრამა გაგრძელდება და განვითარდება.
შეხვედრას სანზონის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ხუჯაძე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები