ხათუნა სალუქვაძე ქართველ სტუდენტებს შეხვდა და ახალი სასწავლო წელი მიულოცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძემ, ვილნიუსის უნივერსიტეტში ლიტვის სხვადასხვა უნივერსიტეტების ქართველ და ასევე ქართული ენის შემსწავლელი კურსის უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, ელჩმა ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ლიტვა-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრაზე ხათუნა სალუქვაძემ სტუდენტებს საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა. სალუქვაძემ ლიტვაში სტუდენტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, საქართველოს პოზიტიური იმიჯისა და ცნობადობის ამაღლების საქმეში ხაზი გაუსვა. ელჩმა სტუდენტებს საელჩოს მიერ გაწეული საქმიანობის, გამართული ღონისძიებების, საელჩოში სასწავლო პრაქტიკის გავლისა და საკონსულო სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სასწავლო წლის დაწყება ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ასევე ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა მეილუტე რამონიენემ და ამავე ფაკულტეტის უცხო ენების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა რომა კრაუჩიუნიენემ მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ქართული ენის სასწავლო კურსი ვილნიუსის უნივერსიტეტში 2015 წლის 21 სექტემბერს გაიხსა. კურსებზე ქართული ენის შესწავლის მსურველი ლიტველი სტუდენტები ქართულ ენას ეუფლებიან და საქართველოს ისტორიასა და კულტურას ეცნობიან. ლექციებს ყოველ წელს ათეულობით სტუდენტი ესწრება და მათი რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.