მიხეილ ჯანელიძე: საქართველო კანადის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში კანადის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისა და კანადის კონფედერაციის შექმნის 150 წლის იუბილეებს მიეძღვნა.

მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოში კანადის ელჩმა კრისტოფერ კუტერმა (რეზიდენციით ქ. ანკარა) და ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიონმა მიმართეს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსა და კანადას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ვრცლად ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას.
„დღეისათვის ჩვენ ვსარგებლობთ კანადის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერითა და გამორჩეული თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ არსებობს უაღრესად დიდი პოტენციალი ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საკუთარ გამოსვლაში ვიცე-პრემიერმა კანადის ურყევ მხარდაჭერაზე ისაუბრა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების წარმატებული პროცესის მიმართ.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ჯანელიძემ აღნიშნა, 2017 წელი ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მხრივ, აღინიშნება საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი, მეორე მხრივ კი, წელს საქართველო დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილეს, ხოლო კანადა – კანადის კონფედერაციის შექმნის 150 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში გამართულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ კანადის ეროვნული დღესასწაული – კონფედერაციის დღე- საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები