საქართველოს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ეწვია (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პირველად ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს. ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნების ფონზე დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ვიზიტი მინისტრების შეხვედრით გაგრძელდა. ლევან იზორიამ კოლეგას გერმანიის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების საკითხები განიხილეს. მინისტრებმა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანელ კოლეგას ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებაც მიაწოდა, რომლის განხორციელებასაც ქართული მხარე აშშ-სთან ერთად 2018 წლიდან იწყებს. საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით გერმანული მხარის მიერ გაწეულ დახმარებასაც შეეხო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ურსულა ფონ დერ ლაიენის სტუმრობა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB), რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები