ნინო ლაცაბიძე: მინდა, დავამსხვრიო სტერეოტიპი, რომ მრავალშვილიანობა სოციალურად დაუცველობას ნიშნავს (ფოტოკოლაჟი)

მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში ნინო ლაცაბიძე და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ისნის მე-9 ოლქში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ და მარიამ ჯაშმა, იმ პრობლემებსა და საჭიროებებზე ილაპარაკეს, რომლებიც მრავალშვილიან დედებს აწუხებთ.
ასევე, ვრცლად და დეტალურად განიხილეს მრავალშვილიანთა სოციალური სტატუსი და პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივები ამ საკითხთან დაკავშირებით.
როგორც ნინო ლაცაბიძე „კვირასთან“ საუბარში აღნიშნავს, მრავალშვილიანი დედების პრობლემების მოგვარება, პირველ რიგში, ამ სტატუსის მინიჭების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებით უნდა დაიწყოს და შემდეგ, მუნიციპალიტეტებმა მათ როგორც ფინანსური, ასევე სათანადო მორალური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინონ.
„შევხვდით “ნავთლუღში” მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს, როგორც სოციალურად დაუცველებს, ასევე ამ სტატუსის არმქონე დედებს, რომლებსაც ჰყავთ სამი და სამზე მეტი შვილი.
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ გვაქვს ჩვენ ოფიციალური სტატუსი, რამდენ შვილზე ენიჭება ადამიანს მრავალშვილიანობის სტატუსი. სტატუსი, როგორც ასეთი, არ არის განსაზღვრული და სამინისტროები ინდივიდუალური მიდგომით, თავად წყვეტენ, ვის მიანიჭონ ეს სტატუსი და ვის – არა.
შესაბამისად, ამ ეტაპზე, სახელმწიფოს მხრიდან სამ და მეტშვილიანი ოჯახების წახალისება და დახმარება, მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებზე ვრცელდება.
ჩვენ გვინდოდა შევხვედროდით დედებს, რომლებიც გვეტყოდნენ: რა პრობლემები აქვთ მათ, რისი დაძლევა შეგვიძლია ერთად და ზოგადად, რა მოლოდინები აქვთ მუნიციპალიტეტისგან.
ჩვენ შევპირდით მათ, რომ აუცილებელია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მუნიციპალიტეტის მხრიდან იყოს სათანადო როგორც ფინანსური, ასევე მორალური მხარდაჭერა. ეს ორივე კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად, როცა ფინანსური მხარდაჭერა არ არის საკმარისი, აუცილებელია, რომ მორალურად მაინც დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ მათ.
ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ, რომ უნდა არსებობდეს მრავალშვილიანის სტატუსის მინიჭების ერთიანი სტანდარტი, რომ დედებმა იცოდნენ, სამი შვილის ყოლის შემთხვევაში მიიღებენ მრავალშვილიანის სტატუსს, თუ – ოთხი შვილის ყოლის შემთხვევაში“, – აცხადებს ნინო ლაცაბიძე.
მისივე თქმით, ისნის მაჟორიტარობის შემთხვევაში, მისთვის, როგორც ოთხი შვილის დედისთვის, მრავალშვილიანი დედების და ზოგადად, მრავალშვილიანი ოჯახების პრობლემების მოგვარება და მათი ინტერესების დაცვა, ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.
“მიუხედავად იმისა, რომ მრავალშვილიანის სტატუსი არ მაქვს და არც არანაირი დახმარება/შეღავათი, მყავს ოთხი შვილი და სწორედ ამიტომ, ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ვიყო მათ გვერდით, მოვუსმინო მათ და ვეცადო, რომ ერთად მოვაგვაროთ მათი პრობლემები.
ეს შეხვედრაც სწორედ იმ მიზნით შედგა, რომ ვიცოდე, რა ინიციატივები დავაყენო, რაც მათი მხრიდან მოდის და რომ მაქსიმალურად ემსახურებოდეს მათ ინტერესებს.
ასევე, მინდა, რომ დავამსხვრიო სტერეოტიპი, რომ მრავალშვილიანობა ასოცირდება სოციალურად დაუცველობასა და გაჭირვებასთან. მინდა, რომ მრავალშვილიანი ოჯახები გახდეს მისაბაძი, რომ თუ ხარ მრავალშვილიანი, არ ნიშნავს იმას, რომ სოციალურად დაუცველი ხარ.
პირიქით, მინდა, რომ მრავალშვილიანი ოჯახები იყოს ყველაზე ძლიერი, რადგან ჩვენი ერი დამოკიდებულია დემოგრაფიულ ზრდაზე და აუცილებელია, რომ ასეთი ოჯახები გახდნენ მისაბაძი მთელი საქართველოსთვის“, – აცხადებს ლაცაბიძე.
შეხვედრის ბოლოს, მარიამ ჯაშმა და ნინო ლაცაბიძემ დამსწრეთა კითხვებს უპასუხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები