ზვიად ძიძიგური: თაბორის მთის პროექტთან დაკავშირებით ბიზნესინტერესებზე საუბარი სირცხვილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, თაბორის მთის პროექტთან მიმართებით ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებზე საუბარი სირცხვილია.
„ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდ-ნახევარი დახარჯა ქველმოქმედებაში საქართველოში და სირცხვილია ამის მერე მის ბიზნესინტერესებზე საუბარი”, – აღნიშნა ძიძიგურმა.
მისი თქმით, პროექტთან დაკავშირებით, ოპოზიცია ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს.
„მთაბორის მთასთან დაკავშირებით, შეუძლებელია არსებობდეს ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები, რადგან თბილისში 40 ჰექტარი ფართობის სარეკრეაციო ზონა არ არის. ლისის ტბა, კუს ტბა, ვაკის პარკი – არც ერთი არ პასუხობს მოთხოვნას, რომელიც ქალაქს ძალიან სჭირდება. ოპოზიციის მხრიდან ჩვენ მუდამ გვესმის საყვედური, რომ ქალაქს სჭირდება სარეკრეაციო ზონები. იმის გამო, რომ თანაინვესტირების ფონდის სახელმა გაიჟღერა, იგივე ოპოზიციამ განსხვავებულად დაიწყო საუბარი, რადგან მათ ვიწრო პარტიული მოსაზრებები ასულდგმულებთ. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის სახელს. ის რომ „ნაცმოძრაობა“ ცდილობს ამ პროექტის ირგვლივ ცუდი განწყობა შექმნას, არ არის საშიში, პირიქით, კარგია“, – განაცხადა ძიძიგურმა.
თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, თბილისში უკვე შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცედენტო სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თაბორის პროექტი, ეს არის 400 000 კვ.მ „ახალი ფილტვები” ქალაქისთვის (რეკრეაციული ზონა და გოლფის მოედნები). ასეთი ადგილი თბილისში არ არსებობს. შეიქმნება ტენდენცია სხვა მსგავსი პროექტების განვითარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები