ირაკლი კობახიძე იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტო მიიღო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და იტალიის რესპუბლიკა წელს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლისთავს აღნიშნავს. მხარეების თქმით, იტალია ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა აღიარა, ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან კი, იტალია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპულ მისწრაფებებს.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, რაც საქართველოს პარლამენტის მიერ, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების შესახებ მიღებული რეზოლუციით კიდევ ერთხელ გამყარდა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პროცესი განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს ამბიციური დღის წესრიგი აქვს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი საკონსტიტუციო რეფორმაა. კობახიძემ სტუმარს საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში არსებული მთავარი ცვლილებების არსი, საჭიროება და მიზნები დეტალურად გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მოკლედ მიმოიხილა ის მართლმსაჯულებისა და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები, რომელთა მიზანი საქართველოში სტაბილურობისა და დემოკრატიის დამკვიდრება, ინვესტორებისთვის გარემოს გაუმჯობესება და ქვეყნის ძლიერ საერთაშორისო პარტნიორად ჩამოყალიბებაა. იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, დასავლეთი საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად აღიქვამს და აგრძელებს მის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები