ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს ბრალი კონტრაბანდის მუხლით აქვთ წაყენებული, სამინისტრო მათ სამართლებრივად დაეხმარება

„მათ ბრალი ედებათ კონტრაბანდის მუხლით. საქმეს იძიებს ლიბიის პროკურატურა, მეზღვაურების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს (რომელიც აკრედიტებულია ასევე ლიბიაში) მეშვეობით”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საინფორმაციო -საკონსულტაციო სამმართველოს უფროსმა, გრიგოლ მიგრაქველიძემ განაცხადა. ​
მისი ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ლიბიაში საქართველოს წარმომადგენლობა არ ჰყავს, ქართული მხარის ხელთ არსებული საკონსულო დაცვის ბერკეტები საკმაოდ შეზღუდულია. თუმცა მისივე თქმით, უცხოელი პარტნიორების დახმარებით, ლიბიაში უნგრეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოც თურქულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე მუშაობს. ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის, REX-ის დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს ეცნობა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. დღეისთვის გვაქვს შემდეგი ინფორმაცია, გემზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 11 წევრი, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქე. გემი გადაყვანილია ტრიპოლის პორტში. ამჟამად, მეზღვაურები იმყოფებიან ქალაქ ტაჟურას დამანის ციხეში. მათ ბრალი ედებათ კონტრაბანდის მუხლით. საქმეს იძიებს ლიბიის პროკურატურა. მეზღვაურების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს (რომელიც აკრედიტებულია ასევე ლიბიაში) მეშვეობით. ლიბიაში არსებული შიდა კონფლიქტის, დაძაბულობის და ადგილზე საქართველოს რეზიდენტი საელჩოს საკონსულოს არარსებობის პირობებში, ქართული მხარის ხელთ არსებული საკონსულო დაცვის ბერკეტები საკმაოდ შეზღუდულია.
მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ქართული მხარე იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ჩვენი თანამოქალაქეებისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. კერძოდ, ჩვენი თხოვნით მაქსიმალურად გვეხმარებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, სახელდობრ, ლიბიაში უნგრეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა. ასევე რადგან ხომალდის ეკიპაჟის 11 წევრიდან 5 თურქეთის მოქალაქეა, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოც მუშაობს თურქულ მხარესთან, მათი პოზიციის გარკვევასა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე. ამჟამად მიმდინარეობს განხილვა საქართველოს დაკავებული მოქალაქეებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ოპტიმალური გზების განსაზღვრის მიზნით”, – განაცხადა გრიგოლ მიგრაქველიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი REX 30 აგვისტოს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები