გიორგი კვირიკაშვილი უშიშროების საბჭოს ხვალინდელ სხდომას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უშიშროების საბჭოს ხვალინდელ სხდომას დაესწრება – ამის შესახებ „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო ხვალ, 29 სექტემბერს სხდომას გამართავს. როგორც „კვირას“ უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2017 წლის 29 სექტემბერს 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა:
1. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისათვის;
2. სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა (2.1. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი;
2.2. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა; 2.3. საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები;
3. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო;
4. რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე;
5. მზადება ნატო-ს მომავალი სამიტისათვის. საკითხების მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იქნებიან. „ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები“, – აცხადებენ საბჭოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები