დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია კონსტიტუციის წინააღმდეგ ახალ, ძალიან ბინძურ პიარკამპანიას ახორციელებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი კონსტიტუციურ პროექტთან მიმართებაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ორი დღეა, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია კონსტიტუციის წინააღმდეგ ახალ, ძალიან ბინძურ პიარკამპანიას ახორციელებენ, რითაც ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში კიდევ ერთხელ შეიყვანონ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველა პირობას შეასრულებს, რომელიც შეთანხმებულია მოქალაქეებთან, ხოლო მხარდაჭერილი – ვენეციის კომისიის მიერ.
“ორი დღეა, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია კონსტიტუციის წინააღმდეგ ახალ, ძალიან ბინძურ პიარკამპანიას ახორციელებენ, რითაც ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში კიდევ ერთხელ შეიყვანონ.
საუბარია იმ ორ საკითხთან დაკავშირებით, რაც იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და რომელთა გაზიარების პირობაც დადებული იყო ჩვენი მხრიდან. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ვერ გასცდა დესტრუქციულ დღის წესრიგს და არ გამოიყენა შანსი, მის პოლიტიკურ კარიერაში ერთადერთხელ, ვეტოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიეღო პოზიტიური და შედეგზე ორიენტირებული სახე. მიუხედავად ხსენებულისა ჩვენი გუნდი შეასრულებს ყველა პირობას, რომელიც შეთანხმებული იქნა ჩვენს თანამოქალაქეებთან, ხოლო მხარდაჭერილი – ვენეციის კომისიის მიერ”, – განაცხადა მათიკაშვილმა.