ეკა ბესელია: “ადვოკატთა შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებით, კონფიდენციალობის პრინციპი მყარდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „ადვოკატთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ადვოკატთა შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებით, კონფიდენციალობის პრინციპი მყარდება. აღნიშნული პაკეტის ინიცირება კი მომავალ კვირას მოხდება.
დეპუტატის განცხადებით, იცვლება ადვოკატთა სავალდებულო სტაჟირების გავლის წესიც, ამასთანავე სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის ცნებაც შემოდის და მისი არჩევისა და სტაჟირების გავლის პროცედურა დგინდება.
„ცვლილებებით, კონფიდენციალობის პრინციპი მყარდება და ხაზგასმა ხდება, რომ ადვოკატი ვალდებულია კლიენტის ვინაობა და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია) არ გაამჟღავნოს. ამასთან, ადვოკატთა სავალდებულო სტაჟირების გავლის წესი იცვლება და მითითება ხდება, რომ ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შემდგარი, სავალდებულო სტაჟირების ერთწლიანი პროგრამა. სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის ცნებაც შემოდის და მისი არჩევისა და სტაჟირების გავლის პროცედურა დგინდება”, – დასძინა ბესელიამ.