საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ ვაჟა ფანოზიშვილი დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ლევან გამყრელიძის წარდგინების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, ვაჟა ფანოზიშვილი დაინიშნა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ ახალი მოადგილე თანამშრომლებს წარუდგინა და აღნიშნა, რომ ვაჟა ფანოზაშვილი საგამოძიებო მიმართულებას უხელმძღვანელებს.
,,მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გუნდს პროფესიონალი კადრი შეემატა. ვაჟა ფანოზიშვილს აქვს საჭირო ცოდნა, დიდი გამოცდილება, მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიული უნარ – ჩვევები იმისთვის, რომ სამსახურის მთავარ მიმართულებას უხელმძღვანელოს და საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს“, – განაცხადა ლევან გამყრელიძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე.
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, ვაჟა ფანოზიშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 – 2017 წლებში ეკავა კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობა, 2013 – 2014 წლებში იგი იყო ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე – საგამოძიებო ნაწილის უფროსი, 2010 – 2013 წლებში ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე. 2004 – 2010 წლებში იკავებდა საქართველოს გენერალური პროკურატურის, შემდგომში მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის და უფროსი პროკურორის თანამდებობებს. 1999 – 2004 წლებში მუშაობდა კახეთის საოლქო პროკურატურის უფროს გამომძიებლად. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები