ჯანელიძე ნადირაშვილს: სჯობდა ქაღალდი არ დაგეხარჯათ – მაინც გავუფრთხილდეთ, სახელმწიფო ქონებაა, ვიცნობ კანონს

„სჯობდა ქაღალდი არ დაგეხარჯათ – მაინც გავუფრთხილდეთ, სახელმწიფო ქონებაა“, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიხეილ ჯანელიძე დიასპორის კომიტეტს 9 თვის მუშაობის ანგარიშს აბარებს. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტის რეგლამენტის 94 მუხლი წაუკითხა და სთხოვა აეხსნა, რატომ არ მიდის მინისტრი უმცირესობის მოთხოვნის შესაბამისად ფრაქციის სხდომაზე. ნადირაშვილის მიმართვის საპასუხოდ, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ აუცილებლად აცნობებს ოპოზიციას, როდის იქნება მისთვის სასურველი დრო.
„დიდი მადლობა, რომ შეწუხდით და მომაწოდეთ 94-ე მუხლი, მაგრამ სჯობდა ქაღალდი არ დაგეხარჯათ- მაინც გავუფრთხილდეთ, სახელმწიფო ქონებაა, საჯარო ქონება. ვიცნობ კანონს. ელექტრონულადაც არსებობს ეს კანონი და ასევე სამართლის და იურიდიული კონსულტაციების მხრივ სამინისტროში პრობლემა არ არის. დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის, რომ ჩემთვის სასურველ დროს მოვიდე, მომავალში აუცილებლად გაცნობებთ ჩემთვის სასურველ დროს“,- მიმართა ჯანელიძემ ნადირაშვილს. ამავე პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა კი განაცხადა, რომ ჯანელიძე არ არის ღირსი ეკავოს აღნიშნული თანამდებობა.
„თქვენ არ ხართ ღირსი, გეკავოთ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა“, – მიმართა კანდელაკმა ჯანელიძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები