მიხეილ ჯანელიძემ, პარლამენტში სამინისტროს მიერ დიასპორის საკითხებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან და ქართულ სათვისტომოებთან ურთიერთობის კუთხით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. საქმიანობის 9 თვიანი ანგარიში საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ წარმოადგინა, რომელმაც დიასპორულ ორგანიზაციებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, სამინისტრო, პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს დიასპორის პოლიტიკას. 2017 წლის იანვარში საგარეო უწყებაში დიასპორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც თავის მხრივ, ორ სამმართველოს მოიცავს. „სამინისტრომ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან ერთად და დიასპორული ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფ დიასპორული ორგანიზაციების შექმნის ხედვებს ემყარება. სტრატეგია პირდაპირი კომუნიკაციების საშუალებით, სხვადსხვა ქვეყანაში დიასპორებთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესწავლას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ საუბრისას, მინისტრმა ყურადღება განხორციელებულ პროექტებზე და პროგრამებზე გაამახვილა და მაისში გამართულ „დიასპორის დღეზე“, სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებზე, „მომავლის ბანაკში“ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ახალგაზრდის მონაწილეობასა და დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოვების ცერემონიალზე ისაუბრა. მიხეილ ჯანელიძემ საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის მომზადებასა და მის მნიშვნელობაზე, თანამემამულის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებულ შეხვედრებზე და საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტისას დიასპორულ ორგანიზაციებთან უშუალო კომუნიკაციის შესახებაც ისაუბრა და სამომავლო გეგმების მნიშვნელოვანი პრიორიტეტები მიმოიხილა. მისი განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში სპეციალიზირებული პირის გამოყოფის თაობაზე, რომელიც მხოლოდ დიასპორის საკითხებზე იმუშავებს და მათი პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. „ჩვენ არ გვინდა არსებობდეს ისეთი პროექტები, რომლებიც დაქსაქსულობას და დაძაბულობას შეუწყობს ხელს დიასპორულ ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მიზანია, სახელმწიფოს მხრიდან ამ ურთიერთობებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და არც ერთი პროექტი არ განვახორციელოთ, რომელიც დააპირისპირებს დიასპორულ ორგანიზაციებს, არამედ პირიქით, ხელს შეუწყობს აღნიშნული ორგანიზაციების ერთობას”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ძირითადი მოხსენების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა კომიტეტის წევრების და მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ მომხსენებელს გაწეული საქმიანობის წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა და უახლოეს საკომიტეტო სხდომაზე, რომელიც ლევილის საკითხების განხილვას დაეთმობა, მიხეილ ჯანელიძე და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები