ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსი: ჩემი აზრით, ალბათ, გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან, მეორე სართულიდან გადახტა

ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაღში, საიდანაც ცოტა ხნის წინ აღსაზრდელი გადმოვარდა, მონიტორინგის სამსახური მუშაობს, რომლის შედეგებიც დაახლოებით 2 საათში გახდება ცნობილი.
შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ გააკეთა.
„რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო. ჩემი აზრით, ალბათ, გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან, მეორე სართულიდან გადახტა. აქედან გამომდინარე, მონიტორინგის სამსახური მაშინვე მივიდა ბაღში. მიმდინარეობს მოკვლევა. დავადგენთ უყურადღებობა იყო მიზეზი, თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი მოხდა. დამატებით ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით მედიასაშუალებებს. მეც ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, როგორც ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვისაც უშუალოდ ევალებოდა ბავშვზე ყურადღება, ალბათ, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მოვლენებს არ მინდა გავუსწრო, მონიტორინგის შედეგები გვეცოდინება, ალბათ, 2 საათში და შესაბამისად, მივიღებთ უმკაცრეს ზომებს. მომხდარი ფაქტი საკმაოდ დასაფიქრებელი და მძიმე“, – განაცხადა თემურ თორდინავამ.
ცნობისათვის, დღეს დილის საათებში 206 ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. 3 წლის გოგონა ამჟამად, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები