თბილისის მერია 206-ე ბაგა ბაღის დირექტორისა და აღმზდელების უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს

თბილისის მერია 206 -ე ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომელთა დაუდევრობითაც 3 წლის გოგონა მე-2 სართულიდან გადმოვარდა, უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.
როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერია გმობს მომხდარს და საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ამასთან თბილისის მერია, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ არაეთიკური განცხადებებისგან. „თბილისის მერიის განცხადება 206-ე საბავშვო ბაღში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გვინდა, გამოვეხმაუროთ ფონიჭალაში მდებარე 206-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მომხდარ ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ძალისხმევას არ იშურებს ქალაქის მასშტაბით არსებულ ბაღებში უსაფრთხო გარემოსა და სივრცის შესაქმნელად, მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაც ყოვლად გაუმართლებელია. ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და აღსაზრდელი ინგოროყვას კლინიკაში საჭირო სამედიცინო პროცედურებს გადის. თბილისის მერია გმობს მომხდარს და მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ამასთანავე, თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე. მოვუწოდებთ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თავი შეიკავონ არაეთიკური განცხადებებისგან. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან“ – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შს სამინისტრომ თბილისის 206 -ე ბაგა-ბაღში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით გულისხმობს. 3 წლის გოგონა ამჟამად, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ცნობისათვის, დღეს დილის საათებში 206 ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები