“ჩერნოვეცკის ფონდი” ბაზარზე არსებულ მონოპოლიას აპროტესტებს (ვიდეო)

„ჩერნოვეცკის ფონდის” დირექტორი ელენა პოლიშუკი ბაზარზე არსებულ მონოპოლიას გამოეხმაურა. როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, „ჩერნოვეცკის ფონდი” აღნიშნული პრობლემით უკმაყოფილოა. დირექტორის თქმით, თითქმის ყველა მსხვილ სუპერმარკეტში მხოლოდ გარკვეული ფონდის საქველმოქმედო ყუთებია დამონტაჟებული და ამიტომ მათ ვერ შეძლეს თავიანთი ყუთების განთავსება. მარკეტის მენეჯერებისგან არგუმენტად მოისმინეს, რომ ერთ-ერთ ფონდს ექსკლუზიური უფლება ჰქონდა განეთავსებინა ყუთები. პოლიშუკის განმარტებით, ჩერნოვეცკის საიტზე ყველაფერი ნათლადაა აღწერილი, სად მიდის ხალხის მიერ შემოწირული თითოეული კაპიკი.
„ჩვენ დიდ სუპერმარკეტებში ვერ შევძელით დაგვედგა ჩვენი საქველმოქმედო ყუთები. რატომ უნდა შეიძლებოდეს მხოლოდ ერთი ფონდის ყუთი იდგეს და არ შეეძლოს მეორე ფონს იგივეს გაკეთება?მარკეტების მთავარი არგუმენტი იყო, რომ მათ უკვე აქვთ დამონტაჟებული საქველმოქმედო ყუთები. სხვა ფონდებთან ჰქონდათ ხელშეკრულება დადებული.

მაგალითად ფონდ „იავნანას“ რამდენიმე ადგილას ყუთების განთავსების ექსკლუზიური უფლება ჰქონდა. უბრალოდ გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს არჩევანის უფლება, რომელ ფონდში ჩააგდოს შემოწირულობა. ფაქტია, რომ ჩვენ მკაფიო უარი მივიღეთ მსხვილი სუპერმარკეტებისგან განგვეთავსებინა ჩვენი ყუთები მათ ქსელში. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ გვაქვს ყველაფერი. თითოეული თეთრი, რომელიც ფონდში ირიცხება აღრიცხულია ჩვენს საიტზე და ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ნახოს სად მიდის თანხები. ამიტომაა საჭირო ყველაფერი იყოს აღრიცხული. ინკასაცია მთელ რიგ პროცესებთან არის დაკავშირებული“,-ამბობს ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორი.
ელენა პოლიშუკიმ საქველმოქმედო კანონის არ არსებობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ეს პრობლემა ნამდვილად დგას, თუმცა უჭირს სხვა ფონდი გააკრიტიკოს.
„ზოგადად, საქართველოში ქველმოქმედება არ რეგულირდება კანონით, არ არსებობს შესაბამისი წესი. ვფიქრობ, რომ უნდა იყოს შესაბამისი კანონი, რომელიც ამას გააკონტროლებს, ახლა ყველა ფონდი ისე იქცევა როგორც მას სურს. რაც შეეხება სხვა ფონდის შეფასებას, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან შეფასება სწორი არ იქნება.
რადგან არიან შესაბამისი ორგანოები, რომლებიც ამ ყველაფერს გამოიკვლევენ არსებობდა თუ არა რაიმე სახის წინააღმდეგობა. გამოძიების შემდეგ ყველაფერი დადგინდება“,-განაცხადა „ჩერნოვეცკის ფონდის” დირექტორმა, ელენა პოლიშუკიმ „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ PosTV-ის საგამოძიებო სტუდიამ პაატა ბურჭულაძე და ფონდი „იავნანა” საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები