სოფო კილაძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში სიტყვით გამოვიდა

სოფო კილაძე ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პარლამენტის როლზე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების შესრულების პროცესში.
სოფო კილაძემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ შეიქმნა ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას, მათ შორის, საქართველოს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა სხვადასხვა ინსტრუმენტების რეკომენდაციების შესრულების პროცესზე. მისივე თქმით, ამ მექანიზმის საფუძველზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა რამდენიმე საკომიტეტო მოსმენა ჩაატარა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშზე, გაეროს ბავშვთა კონვენციასა და ოქმებზე, შშმ პირებზე, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების რეკომენდაციებთან მიმართებით.
აღნიშნული საკომიტეტო მოსმენების საფუძველზე, პარლამენტმა გასცა რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან მიმართებით.
ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გაეროს ტრიბუნიდან ისაუბრა, ასევე, იმ მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც კომიტეტის ინიციატივით ხორციელდება.
მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბავშვის კოდექსსა და სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმაზე. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში სოფო კილაძის ვიზიტი ხორციელდება ჟენევაში გაეროსა და სხვა ორგანიზაციებში მუდმივი წარმომადგენლის, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცეპრეზიდენტის, შალვა ცისკარაშვილის ორგანიზებითა და მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები