დავით საგანელიძე: ჩინური მხარე საქართველოში 10 000-12 000 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების აღდგენისთვის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს

ჩინური მხარე საქართველოში დაახლოებით, 10 000-12 000 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების აღდგენისთვის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, – ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით დაგანელიძემ ჩინეთის ქალაქ შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც მედიატურის ფარგლებში ჩინეთში იმყოფებოდნენ.
როგორც საგანელიძემ აღნიშნა, საქართველო იყო მსოფლიოში მეოთხე ადგილზე 80-იან წლებში ჩაის წარმოების კუთხით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს ინდუსტრია ჩაკვდა, თუმცა მას განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ,,ჩინეთი მსოფლიოში ჩაის ყველაზე დიდი მომხმარებელია. მიუხედავად იმისა, რომ მას ამ მიმართულებით უდიდესი წარმოებები აქვს, თავისი მოთხოვნილებების დაახლოებით, 70-80% აკმაყოფილებს. ჩინეთი თვლის, რომ საქართველო არის იდეალური ქვეყანა, სადაც შეიძლება ძალიან მაღალი ხარისხის ჩაის წარმოება და ის მზადაა, ყველაზე მაღალ ფასად შეიძინოს საქართველოში წარმოებული ჩაი, თუმცა სურს, რომ ტექნოლოგიები თავად შემოიტანოს. თუ ჩვენ ამ კუთხით შევხედავთ ყველაფერს – საქართველოში წარმოებული ჩაი, სადაც შეგვიძლია გრანტად შემოვიტანოთ ტექნიკა, დავასაქმოთ ადგილობრივი მუშახელი, შევქმნათ ახალი საწარმოები, გადამამუშავებელი ფაბრიკები, ჩაის ტურიზმი განვავითაროთ და გარანტირებული გვქონდეს ჩინეთში ბაზარი იმ კომპანიებისგან, რომლებიც საქართველოში ინვესტიციას ახორციელებენ – ეს ნიშნავს, რომ ამ დარგის განვითარება პირდაპირ მიბმულია რეგიონების განვითარებაზე.
ზოგადად საუბარია იმაზე, რომ დაახლოებით, 10 000-12 000 ჰექტარზე მოხდეს ჩაის პლანტაციების აღდგენა. ეს ის ტერიტორიები, სადაც დღეს არის ჩაის პლანტაციები, მაგრამ სამწუხაროდ, გარკვეულად გადაგვარებულია. ისინი ითხოვენ მხოლოდ ერთ რამეს, რომ ქართულმა მხარემ გარანტირებულად უთხრას, რომ ამ ტერიტორიებზე ჩაის გააშენებს და არა სხვა რამეს, რომ მათ 15 წლიანი პროექტი ეტაპობრივად განავითარონ”, – განაცხადა საგანელიძემ. მისივე თქმით, პირველი პროექტი იყო წალენჯიხაში და იქ მოყვანილმა ჩაიმ, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ საპრეზენტაციო ფორმა ჰქონა და გაყიდვაში არ არის, ძალიან მაღალი შეფასება მიიღო.
,,როგორც ჩინელი სპეციალისტები გვეუბნებიან, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არსებობს იმის საშუალება, რომ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ჩაი იყოს წარმოებული. ასე, რომ ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო და დიდი პოტენციალი გაგვაჩნია”, – განაცხადა საგანელიძემ. მისივე თქმით, ჩაის კულტურასთან ერთად საქართველოში აბრეშუმის წარმოების განვითარებაც იგეგმება.
,,აბრეშუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული მიმართულება იყო ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, აღარ არსებობს, მაგრამ ის ტრადიციული ქართული აბრეშუმის ჭია, რომელიც დღეს არსებობს და შენახულია, ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი დარგის ძალიან საინტერესო მიმართულებაა”, – განაცხადა საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები