ლექცია: ,,ლუვრის ნარატივები – როგორ იქმნება ეროვნული იდენტობა მსოფლიო მუზეუმში“ გაიმართება

21 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში კემბრიჯის მაგისტრანტის, თეკლა იაშაღაშვილის ლექცია ,,ლუვრის ნარატივები – როგორ იქმნება ეროვნული იდენტობა მსოფლიო მუზეუმში“ გაიმართება.

როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს, ევროპული მუზეუმები დაარსების დღიდან ორმაგ ფუნქციას ასრულებდნენ. ისინი იყვნენ საგანმანათლებლო ცენტრები, და ამავდროულად, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ეროვნული იდეოლოგიის მედიატორები. დღესდღეისობით. მსოფლიო მუზეუმები ინარჩუნებენ ამ ორმაგ როლს, მიუხედავად მათი ოფიციალური მიზნისა, საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადონ და მიუკერძოებლად ისაუბრონ როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ცივილიზაციებსა და კულტურების მემკვიდრეობაზე.
რა ნარატივები იქმნება მუზეუმებში ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე? რა ტიპის იდენტობები ფორმირდება ამ ნარატივებით? შესაძლებელია თუ არა დღევანდელი მსოფლიო მუზეუმი იყოს იდეოლოგიურად ნეიტრალური, აბსოლუტურად ენციკლოპედიური დაწესებულება?
კვლევა შეისწავლის ლუვრის გალერეებში და ვებსაიტზე ხელმისაწვდომ საჯარო ტექსტებს და მუზეუმის სივრცულ განლაგებას, რისი საშუალებითაც შესაძლებელია განვსაზღვროთ, როგორ ასახავენ ლუვრის ნარატივები საფრანგეთის ადგილს თანამედროვე გლობალურ და ისტორიულ კონტექსტში.
ცნობისათვის: თეკლა იაშაღაშვილმა 2013 წელს ჩააბარა Franklin & Marshall College-ში ამერიკაში. 2017 წელს მოიპოვა ბაკალავრის დიპლომი ორი განხრით – ბიზნესი და სოციოლოგია და მიიღო უილიამსონის მედალი, რომელიც გადაეცემა დამამთავრებელი კლასიდან ერთადერთ სტუდენტს კოლეჯის პროფესორატისგან უმაღლესი აკადემიური წარმატების, ხასიათის სიმტკიცისა და წარმატებული ლიდერობისთვის. ამასთან ერთად, გადაეცა რამდენიმე პრიზი ბიზნესისა და სოციოლოგიის ფაკულტეტებისგან, ისევე როგორც კოლეჯის ადმინისტრაციისგან. ამავე წელს მან წარმატებით დაიცვა სადიპლომო ნაშრომი სოციოლოგიაში ლუვრის ნარატივებზე და მუზეუმში შექმნილ ეროვნულ იდენტობაზე.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები