„ქსენია ბიცოლა ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან. ბოლომდე ვერ გაიხარა ერთადერთი ვაჟის წარმატებებითა და მსოფლიო აღიარებით“

ქსენია ქარჩავა-სოტკილავა, ზურიკო სოტკილავა, ლავრენტი სოტკილავა
ზურაბ სოტკილავა და მანანა სოტკილავა

ცნობილი საოპერო მომღერლის, ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო, მისი ბიძაშვილი, მანანა სოტკილავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. წელს ზურაბ სოტკილავას დედის – ქსენია ქარჩავა-სოტკილავას დაბადებიდან 100 წელი შესრულებულა. მანანა სოტკილავა იხსენებს გარდასულ დღეებს, ქალაქურ ულამაზეს საღამოებს, სალონურ შეხვედრებს.ზურაბ სოტკილავას სტუმარმასპინძლობით გამორჩეულ სოხუმის სახლს.

„მიმდინარე წელს შესრულდა 100 წელი ქსენია ქარჩავა – სოტკილავას დაბადებიდან.
მამაჩემის უფროსი ძმის – ლავრენტი სოტკილავას მეუღლემ, იმ დროინდელ სოხუმში გასაოცარი სილამაზით განთქმულმა, არაჩვეულებრივი სასიმღერო ხმით ცნობილმა დედა ქალმა ქართველ ერს, მის კულტურას საქვეყნოდ ცნობილი მომღერალი, ხოლო სოტკილავების საგვარეულოს და მთელ იმდროინდელ აფხაზეთ-სამეგრელოში გამორჩეულ ოჯახს საამაყოდ და სასახელოდ ერთადერთი შვილი – ზურაბ სოტკილავა გაუზარდა.
ჩემს ბავშვობაში უფროსები ლამაზ თქმულებად იგონებდნენ საკმაოდ ცნობილი, მდიდარი და დიდი მეცენატი ბეჩუ ქარჩავას ოჯახის ნაბოლარა ყმაწვილი ქალიშვილისა და მასზე ბევრად უფროსი ლავრენტი სოტკილავას სიყვარულის ამბავს.
იმდროინდელ საქართველოში, როცა ეგზარქოსობის დამანგრეველი უღლიდან თავდაღწეული ქართველი ერი, დიდი მამულიშვილების თავკაცობითა და წინამძღოლობით, ერის ზნეობის ინსტიტუტს – ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას აღადგენდა, გაუქმებული ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობის მასობრივ ღონისძიებებში თავის წილ ერთვებიან შეძლებული ქართველები. ასე იყო აფხაზეთში, სამურზაყანოში, სოხუმში… ცნობილ ისტორიკოს ჯემალ გამახარიას მიერ გამოცემულ ვრცელ მონოგრაფიაში: „აფხაზეთი და მართლმადიდებლობა“ მთელი თავებია მიძღვნილი ამგვარ მეცენატთა საქველმოქმედო მამულიშვილური ღვაწლისადმი. ჩემთვის რაოდენ გასახარი და საამაყო აღმოჩნდა, როცა იქ ასეთ საზოგადო კაცებთან ერთად ამოვიკითხე ბეჩუ ქარჩავას, კონსტანტინე, ლევან, გუთუ, ტარასი, ანდრია, ტაია სოტკლავების სახელები და მათი მიერ აღდგენილი ძველი სალოცავები…

ძმა – ხათა ქარჩავა, ქსენია ქარჩავა-სოტკილავა, ტატიანა და თამარ სოტკილავები, პატარა ზურიკო სოტკილავა

განსაკუთრებული სიყვარული და მოწიწება მახსოვს ჩემი მშობლებისა უფროსი ძმისა და რძლის მიმართ. ეს იყო კლასიკური მაგალითი დედ-მამისშვილობისა და უფროს-უმცროსობის ტრადიციით თანაცხოვრებისა. ძალიან მაკლია დღეს, მათთან ერთად, ამგვარი ურთიერთობების მთელი სილამაზე… თითქოს წასულან და სამუდამოდ თან გაუყოლებიათ ყოველივე, კეთილმოსაგონარად აქ დარჩენილი მეხსიერებიდან.
ლავრენტი ბიძიას და ქსენია ბიცოლას ადრინდელი წლების სახლი სოხუმში, უფროსების გახსენებით, ყოფილა სოხუმისა თუ აფხაზეთ-სამეგრელოს ინტელიგენციის ერთგვარი სალონური შეკრებების, ქალაქური საღამოების, თბილისიდან, მოსკოვიდან ლენინგრადიდან და სხვა დიდი ქალაქებიდან იმ დროს ცნობილი ადამიანების სტუმრობის, მათი მიღება-დახვედრისა და მასპინძლობის გამორჩეული ადგილი.

ამ საღამოების მთელი ხიბლი და მშვენება იყო, თურმე, ქსენია ბიცოლას ულამაზესი ლირიულ-კოლორიტული ხმა, მის მიერ გიტარაზე და პიანინოზე შესრულებული რომანსები, ქალაქური და იმ დროის პოპულარული სიმღერები… მოგვიანებით, ჩემი ბავშვური წლებიც შესწრებია ზურიკოსა და ქსენია ბიცოლას ულამაზესი ხმებით ერთად შესრულებულ სიმღერებს: „ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა…“, „სულიკო“, „მიყვარდი და მიყვარხარ..“, „პადმასკოვნიე ვეჩერა…“, ამ უკანასკნელს და სამხედრო სიმღერებს მამაც ააყოლებდა ხოლმე ხმას. მახსოვს, დედა ღიმილით ეტყოდა: „ნუ აფუჭებ დედა-შვილის ლამაზ ნამღერს, სოტკილავა და მომღერალი ისტორიას არ ახსოვსო…“
დასანანია, რომ ქსენია ბიცოლა ძალიან ადრე, ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან. ბოლომდე ვერ გაიხარა ერთადერთი ვაჟის წარმატებებითა და მსოფლიო აღიარებით…
ეს ყველაფერი შორეულ მოგონებად და ლამაზ დღეებად შემორჩა ჩემს ხსოვნას, რომელთა ხშირად გახსენების მადლი და ძალი მანუგეშებს და მაძლიერებს ამქვეყნიური შეჭირვებისა და ნაღვლიანობის ჟამს…
ერთი დროც იქნება და ჩემს მოგონებებს, სხვათა ნაამბობსა და გადმოცემულს, ნაფიქრსა და განცდილს, შესწრებულ ფაქტებსა და მოვლენებს, ნანახსა და კრიალოსანივით აკინძულს დავწერ იმ ერთიან წიგნად, რომელიც მერე გარდასულ დღეთა ხსოვნის ხიდად გამოადგებათ მომდევნო თაობებს, რადგან მთელ მსოფლიოში არც ერთი ერისთვის არ გამხდარა დროთა კავშირის ის უნიკალური მოდელი სასიცოცხლო მნიშვნელობისა, როგორც ეს ქართველი ერს უქცევია თავისი არსებობის უმთავრეს პრინციპად: „აწმყო შობილი წარსულისაგან, მშობელი არის მომავალისა“.
დიდი სიყვარულით გავიხსენებ და მადლობას გადავუხდი ქსენია ბიცოლას უკვდავ სულს ყველაფრისათვის!
შევთხოვ ერთადერთს მხოლოდ: – ილოცოს მისი დანატოვარის კეთილდღეობისთვის, დღეგრძელობისთვის, ჯანმრთელობისთვის, რადგან დედის ლოცვა ორთავ სოფლიდან საღვთო ენერგიით გამოგზავნილი უძლიერესი მადლი და ძალია შვილებისათვის!
საუკუნოდ იყოს ხსენება მისი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ – წერს მანანა სოტკილავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები