აჭარას მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა

აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია. მიმდინარე წლის, იანვარ-აგვისტოში რეგიონს ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით 1 021 996 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.
ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია პოპულარულ ტურისტულ ადგილებშიც. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების სიმრავლის მხრივ გამორჩეულია. მას მხოლოდ ივნის-აგვისტოში, გასული წლის ზაფხულთან შედარებით 30%-ით მეტი, 160 259 ტურისტი სტუმრობდა. აქედან განსაკუთრებით ბევრი 73 523 სტუმარი კი ბაღმა აგვისტოში მიიღო. ჯამში კი, 8 თვის მონაცემებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია 35%-ით მეტი, 198 259 ვიზიტორი იმყოფებოდა.
სტუმრების სიმრავლე შეინიშნებოდა ბათუმის დელფინარიუმშიც. რეგიონში ტურისტებისთვის საყვარელ ადგილს მხოლოდ ზაფხულში 143 885 (+14%) ვიზიტორი სტუმრობდა. ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებით დატვირთული იყო აგვისტო – 71 853 ვიზიტორი. ჯამში, მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით დელფინების შოუს 15%-ით მეტი 158, 894 ვიზიტორი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ დელფინების შოუ ივლისსა და აგვისტოში დღეში სამჯერ იმართებოდა. სტატისტიკურ მონაცემებში არაა შეყვანილი ბავშვები, შშმ პირები და დელფინებთან ცურვის მსურველები.
ზაფხულში 22% – ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა გონიო-აფსაროსის ციხესაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ივნის-აგვისტოში ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 49 886 ვიზიტორი გაეცნო. რაც შეეხება 8 თვის მონაცამებს, ის 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს და 59 073 ადამიანს შეადგენს.
ბათუმის საბაგიროც იმ ტურისტულ ადგილებს მიეკუთვნება, სადაც ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა. ივნის-აგვისტოში, საბაგიროს სერვისით 19%-ით მეტმა 190 343-მა ვიზიტორმა ისარგებლა. 8 თვის მონაცემებით კი საბაგიროს 214 602 (+12%) ვიზიტორი სტუმრობდა.
მიმდინარე წლის ზაფხულში 28 047 (+20%) ვიზიტორი სტუმრობდა მტირალას ეროვნულ პარკს, რომელიც ყველაზე მეტი პოპულარობით უცხოელ ტურისტებს შორის სარგებლობს. 31%-ით გაზრდილია 8 თვის მონაცემებიც, რაც 35 571 სტუმარს გულისხმობს. მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც ბათუმიდან 1 საათის სავალზე მდებარეობს თავგადასავლებისა და ლაშქრობის მოყვარულებისთვის საუკეთესო ადგილია. პარკი ვიზიტორებს გარდა ულამაზეს ბუნებაში მოგზაურობისა, ზიპლაინის სერვისსა და საკემპინგე მომსახურებას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები