პრემიერის თქმით, სამეგრელოსა და ზემო სვანეთს უზარმაზარი პოტენციალი აქვს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამეგრელოსა და ზემო სვანეთს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, ამიტომ ის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რეგიონად უნდა იქცეს.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარადგინის დროს ისაუბრა.
მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის ხელშეწყობამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ხელისუფლების მიერ არჩეული გზა სწორია.
“ეს შედეგები დღითიდღე კიდევ უფრო ხელშესახები გახდება. ჩვენ დავიწყეთ და ვგეგმავთ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორცილებას ყველა მიმართულებით და ნება მომეცით, ცოტა უფრო დეტალურად გაგაცნოთ ეს მიმართულებები. მართალია, სამეგრელომ, წლების განმავლობაში, ბევრი სირთულე გადაიტანა, მაგრამ საბედნიეროდ, ვერაფერმა ვერ გატეხა მეგრელები იმიტომ, რომ მართლაც უზარმაზარი პოტენციალი გაქვთ თქვენ და უზარმაზარი პოტენციალი აქვს, როგორც სამეგრელოს, ასევე ზემო სვანეთს. ეს პოტენციალი გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ეს მხარე უნდა ვაქციოთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რეგიონად. სახელმწიფოს მხრიდან თქვენ გექნებათ უწყვეტი მხარდაჭერა, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ამ რეგიონის გაძლიერება და თითოეული ადამიანის ცხოვრება გახდეს გაცილებით უკეთესი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აქ მაქსიმალურად განვითარდეს წარმოება. სამეგრელო-ზემო სვანეთში მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულებით 500-მდე პროექტი დავაფინანსეთ. ასევე დაფინანსდა და გაიცა შეღავათიანი სესხები ინდუსტრიული წარმოებისა და სასტუმრო სექტორის განვითარებისთვის.
მართლაც ძალიან საამაყოა, რომ თბილისის მერე ტექნოლოგიური პარკი სწორედ ზუგდიდში გავხსენით. ეს ტექნოპარკი აღჭურვილია იმაზე უფრო უახლესიტექნიკითა და ტექნოლოგიებით, ვიდრე თბილისის ტექნოპარკია. ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დამწყებდა პატარა კომპანიებს სთავაზობს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობა განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, დამწყები ბიზნესის სტიმულირებისთვის, ახალი და ინოვაციური ბიზნესიდეების განხორციელებისთვის, არსებული ბიზნესების განვითარებისა და გაფართოებისთვის, და რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის 9 კანდიდატი წარადგინა.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

წყარო:  https://pia.ge/post/150158-premieris-tqmit-samegrelosa-da-zemo-svanets-uzarmazari-potenciali-aqvs

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები