გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ დავისახეთ მთავარ პრიორიტეტად – თითოეულ ადამიანზე ზრუნვა და ჩვენი რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა

„ჩვენ უკვე ოთხი არჩევნები გავიარეთ ღირსეულად და ამ წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენ ქვეყანაში მოიტანა სტაბილურობა, ადამიანზე ზრუნვა. ჩვენ დავისახეთ მთავარ პრიორიტეტად – თითოეულ ადამიანზე ზრუნვა და ჩვენი რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში  ადგილობრივ მოსახლეობასთან  შეხვედრისას განაცხადა.

 დღეს, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს ერთად დაფიქსირება ჩვენი ნების, თუ რა გზას ვირჩევთ ჩვენ, თუ ვის ვანდობთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი სოფლის მომავლის შენებას.   სწორედ ამიტომ, 21 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ მოგვიწევს საარჩევნო უბანზე მისვლა და ამ ნების გამოხატვა.  მინდა ყველა თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ოთხი არჩევნები გავიარეთ ღირსეულად და ამ წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენ ქვეყანაში მოიტანა სტაბილურობა, ადამიანზე ზრუნვა. ჩვენ დავისახეთ მთავარ პრიორიტეტად – თითოეულ ადამიანზე ზრუნვა და ჩვენი რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა. სწორედ ასეთად ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა ავირჩიეთ. ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მეშვეობით ათასობით ჩვენს მოქალაქეს სიცოცხლე შეუნარჩუნდა; სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის ხელშეწყობამ თავისი პირველი შედეგები უკვე გამოიღო და დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი არჩეული გზა არის სწორი და ამ მიმართულებით სიარული არის სწორი. ეს შედეგები დღითიდღე კიდევ უფრო ხელშესახები გახდება. ჩვენ დავიწყეთ და ვგეგმავთ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორცილებას ყველა მიმართულებით და ნება მომეცით, ცოტა უფრო დეტალურად გაგაცნოთ ეს მიმართულებები. მართალია, სამეგრელომ, წლების განმავლობაში, ბევრი სირთულე გადაიტანა, მაგრამ საბედნიეროდ, ვერაფერმა ვერ გატეხა მეგრელები იმიტომ, რომ მართლაც უზარმაზარი პოტენციალი გაქვთ თქვენ და უზარმაზარი პოტენციალი აქვს, როგორც სამეგრელოს, ასევე ზემო სვანეთს. ეს პოტენციალი გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ეს მხარე უნდა ვაქციოთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რეგიონად. სახელმწიფოს მხრიდან თქვენ გექნებათ უწყვეტი მხარდაჭერა, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ამ რეგიონის გაძლიერება და თითოეული ადამიანის ცხოვრება გახდეს გაცილებით უკეთესი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აქ მაქსიმალურად განვითარდეს წარმოება. სამეგრელო-ზემო სვანეთში მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულებით 500-მდე პროექტი დავაფინანსეთ. ასევე დაფინანსდა და გაიცა შეღავათიანი სესხები ინდუსტრიული წარმოებისა და სასტუმრო სექტორის განვითარებისთვის. მართლაც ძალიან საამაყოა, რომ თბილისის მერე ტექნოლოგიური პარკი სწორედ ზუგდიდში გავხსენით. ეს ტექნოპარკი აღჭურვილია იმაზე უფრო უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით, ვიდრე თბილისის ტექნოპარკია. ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს სთავაზობს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობა განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, დამწყები ბიზნესის სტიმულირებისთვის, ახალი და ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელებისთვის, არსებული ბიზნესების განვითარებისა და გაფართოებისთვის, და რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი გლეხი და ფერმერი იღებს დახმარებას საგაზაფხულო სამუშაოებისთვის და ამ სარგებელმა ჯამში 50 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით რეგიონში გაიხსნა 22 ახალი წარმოება და გაფართოვდა 37 არსებული წარმოება. მათი ჯამური ინვესტიცია 27 მილიონ დოლარზე მეტია. მეგობრებო, მე კარგად ვიცი, რამხელა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა წელს სამეგრელო იმის გამო, რომ თქვენი მოსავალი სერიოზულად დააზიანა აზიურმა ფაროსანამ. სოფლის მეურნეობა, ზოგადად, ყველა ქვეყანაში არის მაღალ რისკიანი დარგი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მავნებელს მოვერევით, ისევე როგორც თავის დროზე სხვა მავნებლებს, როგორიც იყო ამერიკული პეპელა და სხვა. ამ პრობლემის გადაჭრასაც აუცილებლად სჭირდება ჩვენი – ყველას ძალების მობილიზება. ამ საქმეში ჩვენ ჩავრთეთ ავიაცია, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად გავუმკლავდეთ მას. ფართობები ამჟამად მუშავდება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების – ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული მაღალი ხარისხის და მაღალი ეფექტურობის პრეპარატებით. ასეთ პრობლემასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და საერთო მობილიზება. ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა შევუტიოთ, რათა რეალური შედეგი დადგეს და უკვე წელს ვიფიქროთ, როგორ შევამციროთ პრობლემა მომავალი წლისთვის. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებულ ძალისხმევას დახარჯავს ამ რეგიონში მეტი პროგრამის და მეტი შეღავათიანი სესხის დაფინანსებისთვის. ძვირფასო მეგობრებო, თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ახალი მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომლებიც გათვლილია ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ეს არის პროექტები, რომლებითაც ასევე ხელს ვუწვდით ჩვენს აფხაზ ძმებს და გამოვთქვამთ იმედს, რომ სწორედ ეს დაგვეხმარება ნდობის დაბრუნებაში და ჩვენი მიზნების დაახლოებაში. ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დაიწყება. ამ პროექტის ღირებულება ორ-ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს. ანაკლიის პორტის ამოქმედება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის. ამ მასშტაბის პორტის არსებობით, საქართველო დაიბრუნებს თავის ისტორიულ მისიას აბრეშუმის გზაზე და გახდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური ცენტრი რეგიონში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაჩნდება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მეორე უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ საუნივერსიტეტო კლინიკა გამყოფ ხაზთან, სოფელ რუხში. კლინიკის აშენება საბოლოოდ 40 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. ახლა მიმდინარეობს შიდა სამუშაოები და სულ მალე იქ მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის, აფხაზეთიდან ჩამოსული პაციენტებისთვის. ეს კლინიკა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურით, მათ შორის, საერთო საცხოვრებლით რეზიდენტებისთვის და სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ სოფელ რუხში მოეწყო სავაჭრო ცენტრი, სადაც ცნობილი კომპანიები ოპერირებენ. ამ ცენტრით, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, სარგებლობენ ჩვენი აფხაზი დები და ძმები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები. ასე რომ, ეს პროექტი არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების შეხვედრის ადგილიც არის, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან შეხვედრის ადგილი არის, რაც ძალიან სასიხარულოა. შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ ტურისტული კომპლექსი ენგურჰესზე. ჩვენ ვიწყებთ ამ უნიკალური პროექტის განხორციელებას და ენგურჰესს ვაქცევთ საერთაშორისო დონის ტურისტულ კომპლექსად, რომელსაც მსოფლიოში ერთადერთი ანალოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეყოლება. ენგურჰესის ტურისტულ ცენტრს ექნება ძალიან საინტერესო, ორიგინალური და ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა. დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცევა. მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ხორციელდება სვანეთში – მიმდინარეობს ნენსკრა-ჰესის მშენებლობა. ეს პროექტი სრულიად ახალი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე. მისი განხორციელებისთვის ჩვენს ეკონომიკაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოდის. ჩვენ წელს გავხსენით მალთაყვას სანაპირო ზოლის ნაწილი და ფოთს შევძინეთ ახალი საკურორტო ინფრასტრუქტურა. მალთაყვას სანაპირო ზოლის მშენებლობა გრძელდება და საბოლოოდ ფოთი, საპორტო ქალაქთან ერთად, საკურორტო ქალაქის სტატუსსაც შეიძენს. ამ რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მთლიანად მოწესრიგება. ჩვენ მომავალ წელს დავიწყებთ სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზის მოდერნიზებას, ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის ჩათვლით. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, გაადვილდება ტრანზიტული მოძრაობა და გადაადგილება გახდება უფრო უსაფრთხო. ჩვენ ასევე ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტებს იმისათვის, რომ საბოლოოდ გადავჭრათ წყალმომარაგების პრობლემა ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, აბაშაში, მესტიაში, ჯვარში. წყლის პრობლემა უკვე მოვაგვარეთ ანაკლიაში, სადაც მოსახლეობა სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით. მომავალ წელს ზუგდიდისა და ჯვრის მოსახლეობას მოუგვარდება პრობლემა, რომელიც მათ ათწლეულების განმავლობაში აწუხებდათ. მეგობრებო, სამეგრელო – ზემო სვანეთს აქვს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი და ჩვენ ამ მიმართულებით, ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს. ამ რეგიონს ბოლო სამი წლის განმავლობაში 11 ახალი სასტუმრო შეემატა და მომავალ წლებში, სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით, კიდევ მრავალი პროექტი განხორციელდება. ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა, მართლაც გამორჩეული მარტვილის კანიონი, რომელიც უკვე აღჭურვილია სათანადო ინფრასტრუქტურით. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ნოქალაქევში, სადაც მოეწყობა საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა. ჩვენ სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის პოტენციალის მთლიანად ასათვისებლად, რაშიც საერთო ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და თეთნულდი ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს ტურისტებს. ალბათ ყველა ხედავთ, რამდენადაა გაზრდილი ტურისტების რიცხვი სვანეთის მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო პოლიტიკის და ამ მხარეში განხორციელებული პროექტების შედეგია. წელს იმდენად გაზრდილი იყო მოთხოვნა, რომ ჩვენ ფრენების რაოდენობა გავზარდეთ სვანეთის მიმართულებით. ძალიან მალე დასრულდება უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობა ზუგდიდში. ამ დონის პროექტი მნიშვნელოვანია არა მარტო სამეგრელოსთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ზუგდიდი მსხვილი საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისთვის ძალიან ხელსაყრელი ადგილი გახდება. დასრულდა პროექტირება და ვიწყებთ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია, ის წელიწადნახევარში დასრულდება. ამჟამად, მიმდინარეობს ნიკო დადიანის სასახლის სრული რეაბილიტაციაც. ზუგდიდში, ფონდ „ქართუსთან“ ერთად, ვიწყებთ თეატრის სრულ რეაბილიტაციას. თეატრის რეაბილიტაციას ვახორციელებთ სენაკშიც, ამ შემთხვევაშიც ფონდი „ქართუ“ გვეხმარება. მალე ეს უნიკალური შენობები კიდევ უფრო დაამშვენებს ამ ულამაზეს მხარეს. დაბოლოს, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით ხორციელდება ძალიან კარგი პროექტი. გამგეობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები აქვთ, თანამედროვე სახლებს უშენებს. ახალი სახლები უკვე გადაეცა 41 ოჯახს, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 27 ოჯახს გადაეცემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პრობლემური საკითხების გადაჭრაზე პასუხისმგებლობას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობა და მას ეფექტიანად უმკლავდება. ჩვენ სწორედ ამისათვის გვჭირდება ადგილობრივი თვითმმართველობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, თქვენ კიდევ ერთხელ გამოუცხადებთ ნდობას „ქართულ ოცნებას“ და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეო“ –  განაცხადა გიოირგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები