საქართველოს დელეგაცია, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს გაეროს 72-ე გენერალური ასამბლეის მუშაობაში, რომლის მთავარი თემა ფოკუსირებულია ადამიანებსა და მათ მშვიდობიან ცხოვრებაზე მსოფლიოს მდგრადი განვითარების პირობებში. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა, საქართველოს დელეგაცია, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი და საქართველოს დელეგაცია ღია მმართველობის პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. „პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა გენერალურ ასამბლეაზე და ბუნებრივია, მისი გამოსვლის ძირითადი მიმართულებები გენერალური ასამბლეის მთავარი თემატიკის შესაბამისი იქნება ჩვენი ქვეყნის ჭრილში. მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელშიც პრემიერ-მინისტრი და საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, არის ღია მმართველობის პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც გენერალური ასამბლეის ფორმატში გაიმართება და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ხდება ამ პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა, ერთი წლის განმავლობაში. საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადმოიბარებს და ღონისძიებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დაესწრება, მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორობის წევრი ქვეყნების დელეგაციების მეთაურები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მიიღებს მონაწილეობას, გახლავთ 20-30 გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციური დაფინანსების მაღალი დონის შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ აქაც საქართველო ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, ერთი წლის ვადით და ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ ფორმატის საქმიანობაში, მომავალი ერთი წლის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს დელეგაციას ასევე ექნებათ რამდენიმე მნიშვნელოვანი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციაში, რომელშიც შედიან ასევე საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრი, ექნებათ ასევე მაღალი დონის, ორმხირივი ათეულობით შეხვედრა, სადაც, ბუნებრივია, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციაზე და იმაზე, თუ რა საერთო ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მხრივ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. საქართველოს დელეგაცია გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად, ნიუ-იორკს 18-22 სექტემბერს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები