ქართული დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს დელეგაციის წევრები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბიზნესწრეებისა და მსხვილი კომპანიების პირველ პირებთან შეხვედრებს განაგრძობენ. საქართველოს და შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის ( PABSEC ) დელეგაციებს „საპარტნიორო ფონდის’ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ჩინეთის უმსხვილეს სამშენებლო კომპანია “Zhongmei Enginering Group Ltd”-ის პირველ პირებს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დავით საგანელიძემ ჩინურ მხარეს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, მიმდინარე და დასრულებული პროექტები გააცნო. ასევე, ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და პოტენციალის შესახებ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ქვანახშირის მოპოვებისა და ალტერნატიული ენერგოწყაროების, თბოელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს.
კომპანია, ასევე დაინტერესდა საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებით და წყალტუბოს განვითარების გეგმით. “Zhongmei Enginering Group Ltd”-ი მსოფლიოს 20 ქვეყანაში ოპერირებს. ჩინეთის უმსხვილესი ენერგოკორპორაციის წარმომადგენლებმა, „საპარტნიორო ფონდთან“ ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მიზნით, თბილისში 21-ე ფილიალის გახსნის სურვილი გამოთქვეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია “Jiangxi Railway Investment Group Corporation” – ის პრეზიდენტს და კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებსა და კონკრეტულ დარგებში ინვესტირების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ჩინეთის ძიანგსის პროვინციის რკინიგზის საინვესტიციო კორპორაცია „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს და მხარს უჭერს „აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩართულ ქვეყნებთან სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განვითარებას.” Jiangxi Railway Investment Group Corporation” – ი საინვესტიციო საქმიანობას სარკინიგზო; საავიაციო, საპორტო; სამშენებლო; საფინანსო და ლოგისტიკის სფეროებში ეწევა. ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდსა“ და ძიანგსის პროვინციის საერთაშორისო ეკონომიკურ – ტექნიკური თანამშრომლობის კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს მოიცავს. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ქალაქ ნანჩანგში მდებარე ქართული კულტურის ცენტრს “ღვინის სავანესაც“ ესტუმრა.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს შენობაში განლაგებული ქართული ღვინის მუზეუმი და მაღაზიები. ქართული კულტურის ცენტრი ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის პრეზიდენტისა და კომპანია „ჯუნგეს“ პრეზიდენტის, ლიუ ძი მინის ინიციატივით აშენდა. ლუი ძი მინი ბიზნესსაქმიანობას საქართველოსა და ჩინეთში ეწევა. საქართველოს დელეგაციისთვის სპეციალური მიღება ქალაქ ნანჩანგის მერმა გამართა. ნანჩანგის მთავრობის წევრები საქართველოში მზარდი ბიზნესსექტორების მიმართ ინტერესს გამოთქვამენ. ქართული დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტისა და „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლები, ასევე, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები