“ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იგრძნონ, რომ საქართველო ღიაა ბიზნესისთვის”

2017 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა საქართველოში ვიზიტით მყოფ ბოსტონის ბიზნესდელეგაციასთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ ბაზარზე უცხოური კომპანიების აქტიური შემოსვლისა და ქართული კომპანიებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული ფუნქციონირების ხელშეწყობის შესაძლებლობები განიხილეს, რაც ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოსტონელ ბიზნესმენებს გააცნო საგარეო საქმეთა სამინსიტროს ჩართულობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ხელშეწყობაში, ასევე, რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პროცესში.
მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკური დიპლომატია საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანებს ემსახურება, რაც ქვეყნის განვითარების შედეგებს მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომს გახდის. ბიზნესდელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა, ჯარედ გუტრიმ, დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული ვიზიტი და აღნიშნა, რომ დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში, ოთხ ძირითად სფეროზე იყო ფოკუსირებული – როგორებიცაა ენერგეტიკა, ჯანდაცვა, აგრობიზნესი, მრეწველობა, ასევე, ლოგისტიკა და ტრანსპორტი.
ბიზნესდელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა აღნიშნულ ურთიერთდაკავშირებულ სფეროებში უამრავი სხვადასხვა შესაძლებლობის არსებობას.
„ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვიზიტების განხორციელება მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებს შესაბამისი წარმოდგენა შეექმნათ საქართველოში არსებულ შესაძლებლობებზე. ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს იგრძნონ, ვინაიდან იქ ბევრი ადამიანი პოტენციური ინვესტორია და ჩვენ გვსურს, ისინი საქართველოში ჩამოვიყვანოთ, ასევე, საქართველო მივიტანოთ მათთან ახლოს და გავაგებინოთ, რომ საქართველო ღიაა ბიზნესისთვის”, – აღნიშნა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა. ბოსტონის ბიზნესდელეგაციამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, სააგენტოებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიმდინარე დღეებში ათამდე ბიზნესდელეგაცია ეწვია.
სექტემბრის დასასრულს, ასევე, იგეგმება საქართველოში ისრაელის, სამხრეთ აფრიკის, იტალიის, სერბეთისა, ინდოეთის ბიზნესდელაგაციების სტუმრობა. უცხოელი დელეგატები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს ადგილზე გაეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები