ნიკოლოზ გაგუა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა (DG NEAR), ქრისტიან დანიელსონმა შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, კერძოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ჭრილში.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში აღმასრულებელი დირექტორი თომას მაიერ-ჰარტინგი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და სხვა ოფიციალური პირები.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ სტუმრებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესახებ, რომლებიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას უდევს საფუძვლად.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის, საჯარო ფინანსების მართვის (PFM) რეფორმის, ასევე, სხვადასხვა პროგრამისა და ინსტრუმენტის (Erasmus, TAIEX, TWINNING, SIGMA) მნიშვნელობას განათლების, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის, საჯარო უწყებების დაძმობილების, მართვისა და მმართველობის სისტემების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიმართულებებით. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალ სექტორულ საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამებზე, როგორებიცაა ეკონომიკური მართვა და ანგარიშვალდებულება, განათლების სფეროში უნარების განვითარება და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა.
ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის მეშვეობით (NIF) ხორციელდება ისეთ სფეროებში როგორებიცაა წყალმომარაგება, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.
შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები. აღინიშნა, რომ ევროკავშირი გეგმავს, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის ლარში დაკრედიტებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, რომ ინიციატივა მნიშვნელოვანი სტიმული იქნება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისათვის და ამავე დროს, ასევე მაგალითი – სხვა ანალოგიური პროექტების წამოსაწყებად.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობაზე, განსაკუთრებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით ევროკავშირისა და სხვა დონორების თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე. მხარეებმა იმედი გამოთქვეს რომ ყველა ამ მიმართულებით სამომავლო პარტნიორობა ევროკავშირთან მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები