წინანდლის მამულში ჩადებული ინვესტიცია 50 მილიონ დოლარს აღემატება

2019 წლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის დაარსება წინანდალში ლეგენდარული დირიჟორის, ისრაელის ფილარმონიის ორკესტრის და ხატია ბუნიათიშვილის კონცერტით აღინიშნება. კონცერტამდე ერთი დღით ადრე ფესტივალის ორგანიზატორებმა სასტუმრო „რედისონში“ პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყვნენ ასევე ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებლები, ბატონი ავი შოშანი და ბატონი მარტინ ენგსტროემი. სწორედ კერძო სექტორის და საქართველოს მთავრობის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია, ის რომ 2019 წლიდან წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურის და განათლების ცენტრად გადაიქცევა. მუსიკალური აკადემიის დაფუძნება ერთ ერთი შემადგენელია იმ დიდი გეგმისა, რომელზეც კომპანიის სილქ როუდ ჯგუფი პარტნიორებთან ერთად 10 წელზე მეტია მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში წინანდლის მამულში 50 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ჩატარდა მუზეუმის და ბაღის რეაბილიტაცია, აღდგა ისტორიული ვენახები, აშენდა თანამედროვე ღვინის ქარხანა, აშენდა 1200 მსმენელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი. 2018 წელს კი მუზეუმის მახლობლად 140 ნომერზე გათვლილი სასტუმრო „რედისონი“ გაიხსნება.

„ეს კეთდება ქართული საზოგადოებისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობებისთვის.
მე მჯერა, რომ წინანდალი გახდება საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურის და განათლების ცენტრი“, – განაცხადა კომპანია სილქ როუდის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები