ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალური კომისია ბორჯომსა და კახეთში დამწვარი ტყეების ფართობის ზუსტ ოდენობას დაადგენს

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ბორჯომის ხეობასა და კახეთში გაჩენილი ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია შექმნა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, კომისიის წევრები არსებულ ვითარებას შეისწავლიან და ზიანს დაითვლიან, რის შედეგადაც დადგინდება დამწვარი ფართობის ზუსტი ოდენობა. მისივე ინფორმაციით, შედეგები ეროვნულ სატყეო სააგენტოს თვის ბოლოს ეცოდინება.
”ბორჯომის ხეობასა და კახეთში იმუშავებს სპეციალურად შექმნილი კომისია. ეს კომისია დაკომპლექტდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, სპეციალისტებითა და უცხოელი ექსპერტებით. ისინი დაითვლიან ზიანს და ფართობს, შედეგები კი თვის ბოლოს იქნება ცნობილი”, – განაცხადა თორნიკე გვაზავამ.
რაც შეეხება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანზე გაჩენილ ხანძარს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, 20 ჰა-ზე მეტ ფართობი დაიწვა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი წიწვოვან, ფიჭვნარ ტყეში გაჩნდა. ძირითადად დაიწვა ბალახი და ძირსნაყარი ტოტები. საფრთხე არ შექმნიათ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები