თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი ხელმისაწვდომია

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია – პროექტი ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-თან ერთად განახორციელა. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
„ქვეყნის ინტერნეტიზაცია მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განსაკუთრებით რეგიონებში, შესაბამისად, თუშეთის ინტერნეტით უზრუნველყოფა იყო ამ პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი. ამ პროექტში ბევრი სხვადასხვა მხარე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ამერიკაში დაფუძნებული არაკომერციული ფონდი ISOC, რომელმაც პირდაპირი კონტრიბუცია განახორციელა ამ პროექტისთვის და ასევე „თუშეთის განვითარების ფონდი,“ რომელიც ინტერნეტიზაციის გარდა, ამ მხარეში კიდევ ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს. თუშეთში უკვე გვაქვს მაღალხარისხიანი, სწრაფი ინტერნეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ საკმაოდ ჩაკეტილი რეგიონის სოციალურ-კულტურულ განვითარებას, ასევე აჩვენებს ხარისხს, განწყობას და დამოკიდებულებას იმ ტურისტებისადმი, რომლებიც თუშეთს სტუმრობენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თუშეთში ინტერნეტიზაციის უკვე დასრულებულ სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი გაეცნო. მინისტრის მოადგილემ მხარის გუბერნატორთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, „თუშეთის განვითარების ფონდისა“ და ISOC-ს წარმომადგენლებთან ერთად შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნეს-ოპერატორებს შეხვდა.
გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ განახორციელა ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და მათი ტექნიკური აღჭურვა. „გვყავს 29 ბენეფიციარი, რომელმაც მიიღეს 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები და დაფინანსება, რათა მათ მოახდინონ საკუთარ ბიზნესში ინტერნეტის ჩართულობა. მათ ასევე მიიღეს გარკვეული ცოდნა, რომ შეძლონ დაკავშირება საერთაშორისო ქსელებთან და მიიღონ დამატებითი ტურისტები ადგილობრივ სასტუმროებში“ – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
თუშეთში ამ ამ ეტაპისათვის უკვე დამონტაჟებულია 7 ანძა, მონიშნულია სატრანზიტო წერტილები: სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მოყვანილია ოპტიკური ხაზი (კომპანია „ფრინეტი,“ კახეთი) და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი.
„ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც 7 თვის განმავლობაში თუშეთი ფაქტიურად მოწყვეტილია გარე სამყაროს. 40 ბენეფიციარი ყავს უკვე პროექტს, ესენი არიან ძირითადად ჰოსტელები და საოჯახო სასტუმროები, რომელთაც საშუალება ექნებათ ინტერნეტის საშუალებით მოიზიდონ ტურისტები თუშეთში. მთავრობას აქვს ძალიან ამბიციური და თანმიმდევრული გეგმა თუშეთის განვითარებასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ინტერნეტიზაციაა“ – აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ISOC-არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი ფუნქცია ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. პროექტის საერთო ღირებულება: 40 000 USD და 20 500 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები