ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობასა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და სხვადასხვა აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს შეეხო. ირაკლი კობახიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას საკვანძო მნიშვნელობა აქვს. „განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. კიდევ ერთხელ, გადავუხადეთ მადლობა ქალბატონ ბრიჯიტ ბრინკს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები აღმოუჩენს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. ამ მხარდაჭერას აქვს რა თქმა უნდა, განსაკუთრებული, საკვანძო მნიშვნელობა იმისთვის, რომ გამყარდეს ჩვენი სუვერენიტეტი და მხარდაჭერილი იყოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ამ მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ევროინტეგრაციის, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, განსაკუთრებით. ასევე, გვქონდა საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს ამერიკელ მეგობრებს იმისთვის, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, შეხვედრაზე, ასევე, საკონსტიტუციო რეფორმა და საგარეო პოლიტიკური საკითხები განიხილეს. „საუბარი გვქონდა ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე, საუბარი შეეხო ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის საკონსტიტუციო რეფორმა, შევეხეთ მის მიმდინარეობას, დოკუმენტის შინაარსს და ასევე, დოკუმენტთან დაკავშირებულ პროცესს. შევეხეთ სხვადასხვა საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, მათ შორის, საუბარი შეეხო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივას და ამ კუთხით, მიმოვიხილეთ შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები. შევეხეთ არა ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას, რომელიც დაკავშირებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობასთან და ასევე, საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს შეეხო. „გვქონდა, რა თქმა უნდა, არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი და ვთანხმდებით, იმაზე, რომ ამ შემთხვევაში მთავარი არის სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, გამართულ შეხვედრებზე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრეს. „პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩემი მიღებისთვის.2 დღის განმავლობაში შეხვედრები გავმართე საქართველოს მთავრობის წევრებთან, მათ შორის, პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის წევრებთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან. მიზანი იყო საერთო ინტერესების შესახებ აზრთა გაცვლა, ასევე, ვისაუბრეთ ვიცე პრეზიდენტ პენსის ვიზიტის შესახებ და იმ შედეგებზე, რაც ამ ვიზიტმა მოიტანა“, – განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები