უხეში კანონდარღვევა ასპინძასა და დმანისში

მრავალეროვანი საქართველო უწყებათაშორის კომისიას დმანისის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომის ჩატარების თხოვნით მიმართავს.
“დღეს, 11 სექტემბერს 16 საათზე გაიმართება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც დღის წესრიგში შეტანილ და განსახილველ საკითხებს შორის იქნება „მრავალეროვანი საქართველოს“ მიმართვები ასპინძისა და დმანისის გამგებლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტებზე”, – ნათქვამია მრავალეროვანი საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“შეგახსენებთ, რომ მრავალეროვანი საქართველოს გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ასპინძისა და დმანისის მუნიციპალიტეტების მოქმედი გამგებლების მხრიდან, ხდება ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება და საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მრავალეროვანი საქათვველოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “კერძოდ, მოქმედი გამგებლები იბარებენ ააიპ-ების (მათ შორის არიან ბაღების გაერთიანებების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის) ხელმძღვანელებს და ითხოვენ მათი თანამშრომლებისგან, რომ მივიდნენ შტაბში და მოაწერონ ხელი მათ მხარდამჭერთა სიაში. ასევე მრავალეროვანი საქართველოს გრძელვადიანმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებისგან აგვისტოს თვის დასაწყისიდან ითხოვენ იმ პირების მონაცემების შეგროვებას ვინც მათ უჭერს მხარს. სწორედ ასეთი დავალების შეუსრულებლობის გამო გათავისუფლებულია სამი სოფლის – კარაბულაგის, ჯანდარისა და განთიადის რწმუნებული”.
“ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მოწმეები, თუ დაზარალებული მხარეები თავს არიდებენ საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებას მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორების განხორციელების საფრთხის გამო ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების მხრიდან”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
“მრავალეროვან საქართველოს” მნიშვნელოვნად მიაჩნია, რათა უფრო მეტი ყურადღება მიექცეს არსებულ საარჩევნო პრობლემებსა და გამოწვევებს, შესაძლებელი გახდეს დროული და ადეკვატური რეაგირების მოხდენა, რისთვისაც მიზანშეწონილად მიაჩნია უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომის ჩატარება დმანისის მუნიციპალიტეტში.
“აღნიშნული ხელს შეუწყობს თანაბარი საარჩევნო გარემოსა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესებისადმი რწმენის გამყარებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.
სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები