ირაკლი კობახიძე ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლიტვის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ჟიგიმანტას პავილიონისი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე საუბრისას, ლიტვურმა მხარემ ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის დახმარებისა და მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა. ლიტველმა დეპუტატებმა ისაუბრეს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით ლიტვის გამოცდილებაზეც.
საუბარი, ასევე, შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტს და მის მნიშვნელობას. როგორც აღინიშნა, ევროპული პერსპექტივის გარდა, მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს საშუალოვადიანი მიზნები. ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრთა განცხადებით, ლიტვა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებთან ამ მიმართულებით აქტიურად იმუშაოს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს ის ძირითადი რეფორმები გააცნო, რომლებიც, მისი განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ძლიერ სახელმწიფოდ და მეგობარი ქვეყნებისთვის ძლიერ პარტნიორად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, ერთობლივ ვიზიტებსა და საპარლამენტო ფორმატებში დინამიურ ურთიერთობაზე შეთანხმდნენ.
„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები. ჩვენი პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტი საქართველოსთვის გეგმას მოამზადებს”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედიმინას კირკილასმა.
„ტრადიციულად, ლიტვა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, მით უმეტეს, ჩვენი ევროპული მისწრაფებების გზაზე. ისინი ჩვენი ოფიციალური და არაოფიციალური ლობები არიან და იყენებენ ყველა ტრიბუნას იმისთვის, რომ წარმოაჩინონ საქართველოს მიღწევები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, მოხარულები ვართ თბილისში ვუმასპინძლოთ ძალიან მნიშვნელოვან დელეგაციას, რომელიც შედგება ორი ყოფილი პრემიერ მინისტრისგან, ყოფილი ამერიკის ელჩისგან და ლიტვის პარლამენტის სხვა მნიშვნელოვანი ფიგურებისგან. ჩვენ ველით, რომ ლიტვა კვლავ დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რუპორად ევროატლანტიკურ სივრცეში”, – განაცხადა ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ.
შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები