უკრაინის შს მინისტრი: კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა, ვინც საზღვრის გარღვევაში, მესაზღვრეებსა და პოლიციელებზე თავდასხმაში მონაწილეობდა

„სააკაშვილმა და ყველა იმ პირმა, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, უნდა აირჩიონ 2 ვარიანტიდან: მივიდნენ შეგენის გამშვებ პუნქტში და გაიარონ გაფორმების პროცედურა ან/და გამოცხადდნენ საიმიგრაციო სამსახურში“, – მის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
იგი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავებმა დააკავეს ათეულობით „სპორტული აღნაგობის“ ადამიანი, რომელიც საზღვართან დაპირისპირებისა და კონფლიქტის მოსაწყობად იყო მისული.
„ ღმერთია მოწამე, მე ყველაფერი გავაკეთე, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომეყვანა მესაზღვრეები და პოლიციელები.
დიახ, მე ავუკრძალე იმათაც და ამათაც იარაღის გამოყენება და საზღვართან მასობრივ აქციებში მონაწილეებზე ძალისმიერი ზემოქმედების განხორცილება. ჩვენ ვაცალკევებდით ნაკადებს, ვფიქრობდით ლოგისტიკაზე და უპირველეს ყოვლისა, იქ შეკრებილი ადამიანების უსაფრთხოებაზე. ჩვენ მთელი დღე ვმუშაობდით პროცესის ლოკალიზაციაზე და სააკაშვილის მოწინააღმდეგეებისა და მომხრეების შეტაკებისას პროვოკაციების პრევენციაზე. ჩვენ განვახორციელეთ ბლოკირება და დავაკავეთ ათეულობით „სპორტული აღნაგობის“ ადამიანი, რომელიც საზღვართან ცემა-ტყეპის მოსაწყობად მოვიდა.
საღამოსკენ, ჩვენ აღარ გადავისროლეთ პოლიციელთა ტაქტიკური რაზმი კრაკოვციდან შეგენში, ვინაიდან კრაკოვციში ერთმანეთთან დაპირისპირებულ ადამიანებს შორის კონფლიქტის აფეთქების მაღალი ალბათობა იყო.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ სააკაშვილი და მისი ამხანაგები საზღვართან დაყიალებდნენ „გარღვევის“ სხვადასხვა მარშრუტებით და მატარებლებთან დაკავშირებული იდიოტური ისტორიებით, მე მხოლოდ ერთი რამ მადარდებდა – ძალისმიერი პროვოკაცია. და ჩემთვის არ იყო მნიშვნელოვანი აპატრიდის სტატუსის ფაქტორი – ეს სასამართლომ გაარკვიოს. ჩემთვის მთავარი იყო, არ დამეშვა ძალისმიერი შეტაკება და სისხლისღვრა.
პროვოკაცია მაინც შედგა. სისხლი არ იყო – და ეს კარგია. თუმცა ამ ყველაფრის ფასი მაინც მაღალია…
„აქტივისტების“ ჯგროს მიერ უკრაინის მხრიდან საზღვრის გარღვევის დამამცირებელი „სურათი“… მუტრუკი, რომელიც უკნიდან სწვდა ყელში ახალგაზრდა მესაზღვრეს, რომელიც უკრაინის საზღვრების სადარაჯოზე დგას – ეს სიბნელეა… და საქმე არ ეხება პიროვნებებს და არც კონფლიქტის არსს. ეს არის იმ ფუნდამენტების მოშლა, რომელზეც ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვაშენებთ – და არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების სადავეებთან ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფების ყოფნას. და თუ ეს ფუნდამენტები დაინგრევა, ნებისმიერი მიზეზით – ჩვენ აღარ ვიქნებით სახელმწიფო, მხოლოდ ტერიტორიაზე უნიჭოდ მცხოვრები ადამიანების ბრბო… და მხოლოდ დროის საკითხი იქნება, როდის ისარგებლებს ამით დიდი რუსი შოვინისტი ან ევროპელი ნაციონალისტი…
სახელმწიფოს საბაზო ინსტიტუტებზე შეტევა, ამ წამიერი პოლიტიკური ინტერესებისთვის – არის დანაშაული და უპასუხისმგებლობა!
ბატონო პოლიტიკოსებო, არ გაბედოთ ამის დაშვება თქვენი პოლიტიკური თამაშების და კარიერის დაგეგმვისას! ნუ დაახურდავებთ უკრაინას პირადი პოლიტიკური მიზნების გამო! თქვენც და მეც – მხოლოდ პატარა ეპიზოდები ვართ ამ დიდი ქვეყნის ისტორიაში. და რაც არ უნდა იყოს – ხელისუფლებაში ყოფნისას და ოპოზიციაში ყოფნისას – გარისკეთ და შესწირეთ თქვენი პირადი მდგომარეობა, მაგრამ ნურასოდეს გაბედავთ აზარტულ ვაბანკზე წასვლას უკრაინის ინტერესების უგულებელყოფით!
– – – PS -1
მე ვუყურებდი ამ დაუსჯელობით აღტკინებული მორბენალი ჯგროს კადრებს, რომელიც თელავდა მესაზღვრეებს და გამახსენდა2014 წლის იზვარინო… მე მტკივა ეს ანალოგია – მაპატიეთ – თუმცა ძალიან აშკარა დეჟავიუ მქონდა.. უბრალოდ დროშები არ იყო რუსული.
– – – PS -2
გუშინ საღამოს მტერმა ცეცხლი გაუხსნა სასაზღვრო გადასასვლელ მაიორსკოეს. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა დავიცვათ თავი მტრის ცეცხლისგან და როგორი პასუხი გავცეთ – სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. იმავე საათებში შტურმი განხორციელდა სასაზღვრო გადასასვლელ შეგენზე.. და მხიარულმა სახალხო დეპუტატებმა – შემოირტყეს გარშემო ბრბო და უკანონოდ შემოიყვანეს ქვეყანაში დაახლოებით 40 ადამიანი, მათ შორის სააკაშვილი და რამდენიმე უცხოელი. ამ ინციდენტის გამო 16 მესაზღვრეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა…
– – – PS -3
1. სახელმწიფო საზღვრის გარღვევის ფაქტზე ეროვნულმა პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 332 მუხლით, „სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა პირების მიერ“. დაწყებულია გამოძიება და ფაქტების და მტკიცებულებების შეგროვების ფორმალური პროცედურები. ეს „მძიმე“ მუხლია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მხარს დაგვიჭერს პროკურატურაც და სასამართლოც.
2. დადგენილი იქნება პიროვნება და კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს თითოეული ის პერსონაჟი, რომელიც საზღვრის გარღვევასა და მესაზღვრეებზე თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას.
3. სააკაშვილმა და ყველა იმ პირმა, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, უნდა აირჩიონ 2 ვარიანტიდან: მივიდნენ შეგენის გამშვებ პუნქტში და გაიარონ გაფორმების პროცედურა ან/და გამოცხადდნენ საიმიგრაციო სამსახურში.
4. „გარღვევის“ ყველა მონაწილე, მათ შორის სახალხო დეპუტატებიც უნდა გამოცხადდნენ პოლიციაში და მისცენ ჩვენება.
5. ზემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟების მოქმედების მიუხედავად, სასაზღვრო სამსახური, პოლიცია და საიმიგრაციო სამსახური გაატარებს ყველა კანონით დადგენილ საპროცესო მოქმედებას“, -წერს უკრაინის შს მინისტრი.
https://www.facebook.com/arsen.avakov.1/posts/1514475698642531

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები