ირაკლი კობახიძე პოლონეთის სეიმის პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები მიიღო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე ვიზიტი პოლონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წლების განმავლობაში ყველაზე წარმომადგენლობითი ვიზიტია.
მხარეების განცხადებით, ორი ქვეყნის პარლამენტს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში თვისებრივად ახალ საფეხურზე გადავიდა, რასაც ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო მიმდინარე წლის მაისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტმა პოლონეთში, ისევე, როგორც პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას სტუმრობამ ჩვენს ქვეყანაში.
ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობის  შესახებ საუბრისას, მხარეები საქართველოს პარლამენტსა და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმს შორის თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ. როგორც აღინიშნა, დაგეგმილია საპარლამენტო ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლა.
პოლონელმა დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. მათი განცხადებით, პოლონეთი ასევე მტკიცედ უჭერს მხარს „ღია კარის“ პოლიტიკას და საქართველოს ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართველი ხალხს აქვს ურყევი პროდასავლური ხედვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების საქმიანობაზე აისახება.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმირების პროცესში შეტანილი წვლილი და სტუმრებს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობის შესახებ, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ისაუბრეს.  პოლონური მხარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ასეთ ფაქტს საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს. პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, მალგორჟატა გოშიევსკას განცხადებით, პოლონეთი იზიარებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას. მისივე შეფასებით, რუსეთის ფედერაციის ქმედებები ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების დაახლოებისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.
საუბარი ასევე შეეხო პოლონურ-ქართული კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობასა და  ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
მხარეებმა ხაზგასმით აღინიშნეს წმ. გრიგოლ ფერაძის დამსახურება ქართულ-პოლონური ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. პოლონელი დეპუტატების თქმით, ვიზიტის ფარგლებში, 10 სექტემბერს, ბაკურციხეში წმ. გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის გახსნას დაესწრებიან.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში საქართველოს პარლამენტის წევრები პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები