ცესკომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის შედეგები გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 2-4 სექტემბერის პერიოდში, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, 3 634 საარჩევნო უბანში არსებულ 21 804 ვაკანტურ ადგილზე აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის 21 758 წევრი. მისი თქმით, 46 ადგილი დარჩა ვაკანტური, სადაც შესაძლებელია ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საუბნო სააარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა. “მნიშვნელოვანია, რომ არჩეული 21 758 წევრიდან 17 978 – საერთო რაოდენობის 82.6% არჩეული იყო მაღალი კვორუმით, კერძოდ, 9 და მეტი ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ასარჩევად საჭირო მინიმალური კვორუმით, 7 ხმით, არჩეულია 123 წევრი, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.56%-ია. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული მხოლოდ 32 წევრი (სულ 949 წევრიდან, 3.37%) არ ესწრებოდა სხდომებს. არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და ბოლო ოთხ საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 17 819 პირს, რაც საერთო რაოდენობის 82%-ია. დანარჩენ არჩეულ პირთაგან (18%) უმრავლესობას საარჩევნო გამოცდილება აქვს მიღებული 2012 წლამდე ჩატარებულ არჩევნებზე კომისიის წევრად, ან სხვადასხვა არჩევნებზე დამკვირვებლად და წარმომადგენლად და ასევე, იყო მონაწილე საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამების”, – განაცხადა ანა მიქელაძემ. მისი თქმით, ოლქის მიერ არჩეული საუბნო საარჩვენო კომისიის წევრებიდან 4 080 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილე, ხოლო 193 – ”საარჩევნო განვითარების სკოლების“ კურსდამთავრებული ახალგაზრდაა. ანა მიქელაძის განმარტებით, ზემოაღნიშნული ნათლად ასახავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში გაითვალისწინეს ცესკოს მიერ გაცემული დამატებითი რეკომენდაციები. “აღსანიშნავია, რომ არცერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ, უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ გასაჩივრებულა. მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, ისე დამკვირვებლებსა და მედიას. საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართულ სხდომებს ესწრებოდა 5 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია”, – განაცხადა ანა მიქელაძემ. უფრო დეტალური ინფორმაცია და სტატისტიკურად დამუშავებული მონაცემები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ ხელმისაწვდომია ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები