გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემას ზოგიერთმა, მათ შორის ხაზარაძემ, არჩია, კანონს დაუპირისპირდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის გამოუცხადებლობის ფაქტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა არჩია, რომ კანონს დაუპირისპირდეს.
„რაც გინდა, შეიძლება დაარქვა კანონს, მაგრამ კანონი კანონობს და არა მარტო საქართველოში. ეს მიღებული პრაქტიკაა. აშშ-ში გაცილებით უფრო მკაცრია კანონი გამოუცხადებლობისთვის, მაგრამ როგორც ჩანს, აი, ამ მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემას ზოგიერთმა, მათ შორის ხაზარაძემ, არჩია, ამ კანონს დაუპირისპირდეს და თავი პოლიტიკურ დევნილად შერაცხოს. მძიმე კითხვებია, რომელზეც პასუხები არ აქვს არც ერთს, მათ შორის არც ხაზარაძეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯარიმა, სისხლის სამართლებრივი დევნა, პატიმრობა – ასეთია საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასჯელის დაკისრების პრაქტიკა შეერთებულ შტატებსა და ევროპულ ქვეყნებში – კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა სერიოზულ დარღვევად მიიჩნევა.