სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ბრალდების საქმეზე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ბრალდების საქმეზე კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. პროცესს თავად ნიკა მელია არ ესწრებოდა.
როგორც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსებობს რისკი, რომ ნიკა მელია მიიმალოს, ახალი დანაშაული ჩაიდინოს და მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს.
თავის მხრივ, ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია უკვე პატიმრობაში მყოფმა ნიკა მელიამ, პროკურორის მიერ გაჟღერებული ვარაუდები განახორციელოს.
სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება დღეს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.