გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ბრალდებული მძღოლი: თავიდან არ ვიცოდი, ბატონი გიორგი რომ უნდა გადამეყვანა, მეგონა, ვინმე სხვა იქნებოდა – რომ მივედით სომხეთის საზღვართან, სადახლოში, ბატონი გიორგი გადავიდა, საბარგულსა და სავარძელს შორის სამალავი იყო მოწყობილი, იქ განთავსდა და გავიარე საქართველოს საზღვარი
,,თავიდან არ ვიცოდი, ბატონი გიორგი რომ უნდა გადამეყვანა, მეგონა, ვინმე სხვა იქნებოდა. მანქანაში რომ ჩამიჯდა და ვკითხე, საით უნდა წავიდეთ-მეთქი, მითხრა, მე მოვდივარო. სიმართლე გითხრათ, რაღაც ეჭვი კი მქონდა, რომ თვითონ იქნებოდა, მაგრამ რაღაც ეტაპზე გამიხარდა, რომ სხვა არ იყო – სამალავი იყო უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის. მანქანიდან არ გადასულა, უკანა სავარძელი გადმოსწია და შემდეგ მიიკეტა”, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მძღოლმა, შოთა ქარუმიძემ განაცხადა, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდების საქმეზე იკითხება.
ქარუმიძის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილს მისმა მეგობარმა, დავით მგელიაშვილმა დააკავშირა, რომელმაც ბაჩიაშვილისთვის დახმარება სთხოვა.
„საბურავები მივიტანე, როდესაც პირველად ბატონი გიორგი [ბაჩიაშვილი] გავიცანი. იქ ვისაუბრეთ, ისეთი არაფერი ყოფილა. შემდგომ წამოვედი. მერე კი გიორგიმ დამირეკა, მე ასე ვფიქრობ, რომ გიორგი იყო. ისევ მივედი მისამართზე, ისევ რაღაცები უნდა წამომეღო საბურთალოზე, რა მისამართზე, აღარ მახსოვს. მითხრა, გამოგყვები, თუ შეიძლებაო. ვუპასუხე, რა პრობლემაა-მეთქი. მანქანით რომ მივდიოდით, გზაზე რაღაცაზე ვლაპარაკობდით. მე ჩემი ფინანსური პრობლემები მქონდა იმ პერიოდში და მაგაზე ვილაპარაკეთ. ბატონმა გიორგიმ დახმარება შემომთავაზა, რაზეც მე თავიდან უარი განვაცხადე, არ მინდა, მადლობა, თუ მასესხებ, კი იცი და ა.შ. ბოლოს ისე მოხდა, რომ მითხრა, აი, ეს თანხა, რაც არის, დახმარებაში აიღეო და რაღაც საქმე მინდა შემოგთავაზოო. მითხრა, პოლიტიკურად დევნილი ადამიანი არის და თუ შეგიძლია, რომ საქართველოს საზღვარზე გადაიყვანოო. ვკითხე, ვინ არის, რა არის, როგორ არის, რა კრიმინალი აქვს ჩადენილი-მეთქი. მითხრა, არც კრიმინალი აქვს ჩადენილი, არც ძიებაში არ არის, უბრალოდ პოლიტიკურად იდევნება და უნდა, რომ ქვეყანა დატოვოს და არავინ გაიგოს მისი გასვლის შესახებო. მკითხა, თუ თანახმა იქნები, თანხა რამდენი გენდომებაო. ვიფიქრე, ვიფიქრე და ვუთხარი, რომ 30 000 დოლარად გადავიყვან-მეთქი.
თავიდან არ ვიცოდი, ბატონი გიორგი რომ უნდა გადამეყვანა, მე მეგონა, რომ ვინმე სხვა იქნებოდა. მანქანაში რომ ჩამიჯდა და ვკითხე, საით უნდა წავიდეთ-მეთქი, მითხრა, მე მოვდივარო. სიმართლე გითხრათ, რაღაც ეჭვი კი მქონდა, რომ თვითონ იქნებოდა, მაგრამ რაღაც ეტაპზე გამიხარდა, რომ სხვა არ იყო. წავედით, რომ მივედით სომხეთის საზღვართან, სადახლოში, ბატონი გიორგი გადავიდა, საბარგულსა და სავარძელს შორის სამალავი იყო მოწყობილი, იქ განთავსდა და გავიარე საქართველოს საზღვარი. იქ მოხდა დათვალიერება, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერ ნახეს ბატონი გიორგი და შემდეგ გავიარეთ ნეიტრალური ზონა. სომხეთის საზღვარიც გადავედით, მანქანიდანაც გადმოვიდა და უკვე ოფიციალურად გაიარა სომხეთის საზღვარი. მერე გავაგრძელეთ გზა და ჩავედით ერევანში. მერე მოვტრიალდი უკან. ეს შემიძლია მოგახსენოთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით“-განაცხადა შოთა ქარუმიძემ.
ქარუმიძის თქმით, იმის შესახებ, რომ ავტომობილში სამალავი იყო მოწყობილი, მაშინ გაიგო, როდესაც საზღვართან მივიდნენ. მისივე განმარტებით, ბაჩიაშვილი მანქანიდან მაშინ გადავიდა, როცა უკვე ნეიტრალურ ზონაზე მივიდნენ.
ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება დაუსწრებლად, მას შემდეგ წარუდგინა, რაც მან ქვეყანა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე განაჩენის გამოტანამდე დატოვა.