„შემოდგომის თბილისი“ 25 წლისაა: წინ დაუვიწყარი საღამოებია

წელს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „შემოდგომის თბილისს” 25 წელი უსრულდება. მსმენელს  დაუვიწყარი საღამოები ელის, რომლებიც ფესტივალის იუბილეს ეძღვნება.
17 სექტემბერს, ფესტივალი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიხსნება.
საიუბილეო ფესტივალის პროგრამა მეტად მრავალფეროვანია და აერთიანებს სიმფონიური, კამერული, საგუნდო მუსიკის კონცერტებს, რომელიც გვთავაზობს მსოფლიო კლასიკური და თანამედროვე, ფოლკლორისა და პოპულარული ჟანრების საინტერესო ნაზავს. სცენაზე იქნებიან თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, კამერული ანსამბლები ისრაელიდან, პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან და საქართველოდან, საგუნდო კოლექტივები შვედეთიდან და საქართველოდან, ფოლკლორული ანსამბლები რუსეთიდან და საქართველოდან.
ფესტივალის გახსნაზე საქართველოში პირველად შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „სადღესასწაულო მესა“ სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისთვის.
თბილისურ პრემიერას საოპერო მომღერლები – სალომე ჯიქია, ნინო ზაქაიძე, რამაზ ჩიქვილაძე და გიორგი ჰანჩარი (უნგრეთი), თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით შეასრულებენ.
ფესტივალის დამფუძნებელია თბილისის მერია და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ -კულტურული ცენტრი.
„შემოდგომის თბილისი“ 19 ოქტომბერს დაიხურება. ამ ფესტივალმა შეძლო, დაემკვიდრებინა მაღალი შემოქმედებითი სტანდარტი და ქვეყნის მუსიკალური ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენად იქცა, რომელსაც ყოველ წელს ელიან როგორც თბილისელი მუსიკის მოყვარულები, ასევე ქალაქის სტუმრებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები