გრიბოედოვის თეატრი 172-ე სეზონს გასტროლებით ხსნის – „ალჟირი“ ბათუმსა და ჭიათურაში

 

6 და 7 სექტემბერს,  20:00 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. დრამატული თეატრის ახალ სცენაზე გაიმართება გრიბოედოვის თეატრის გასტროლები სპექტაკლით „ალჟირი“ (აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის).
9 სექტემბერს, 19:00 საათზე, სპექტაკლს ჭიათურის ა.წერეთლის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში იხილავენ.
როგორც „კვირას“ გრიბოედოვის თეატრიდან აცნობეს, ეს 172-ე სეზონის პირველი გასტროლებია. „ალჟირი“ ეძღვნება ალჟირის ტყვეებს, ქალბატონებს საქართველოდან.„ალჟირი“ – ეს არის ავთანდილ ვარსიმაშვილის დოკუმენტური დრამა. გაცოცხლებული ისტორია, დაფუძნებული მხოლოდ რეალურ ფაქტებზე, რომელიც მოგვითხრობს სტალინური ეპოქის ყველაზე საშინელი ადგილის – გულაგის ერთ-ერთი „კუნძულის“ შესახებ.
გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლი პირველი დადგმაა საქართველოში და ქართულ თეატრში, რომელიც XX საუკუნის ამ შემზარავ მოვლენებს ეძღვნება.
ბანაკის კედლებში სასჯელს იხდიდნენ საქართველოში ცნობილი ოჯახების წევრები: დირიჟორ ევგენი მიქელაძის მეუღლე ქეთევან ორახელაშვილი, მწერალ ნოდარ დუმბაძის დედა, ალექსანდრა (ანა) დუმბაძე-ბახტაძე და ბიცოლა თამარ დუმბაძე, მწერალ ბორის პილნიაკის მეუღლე კირა ანდრონიკაშვილი, მწერალ ბულატ ოკუჯავას დედა, აშხენ ნალბანდიანი.
სულ ბანაკში სასჯელი მოიხადა რვა ათასამდე ქალბატონმა, მათ შორის საქართველოდან ალჟირის ციხეებში 281 ქალი იჯდა. თუმცა, ეს სია არ არის სრული.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ინა ვორობიოვა, ნატალია ვორონიუკი, ნინო კიკაჩეიშვილი, მარიამ კიტია, სოფიო ლომჯარია და ანა ნიკოლავა.
გასტროლების მხარდამჭერია კომპანია „სოფმარი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები